ახალი ამბები

NGO-ებმა განცხადება, რომლითაც გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადებას იწონებდნენ, შეცვალეს

19 მარტი, 2018 • 4134
NGO-ებმა განცხადება, რომლითაც გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადებას იწონებდნენ, შეცვალეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული მარშის” თავდასხმას გმობს, თუმცა, ამავდროულად, მიესალმებოდა ტელეკომპანიის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე. მოგვიანებით არასამთავრობოებმა გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების მხარდაჭერის ნაწილი ტექსტიდან წაშალა.

“ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან “ქართული  მარშის” წარმომადგენლების მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს.

სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

იმავდროულად, მისასალმებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება  ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე”, – ვკითხულობდით განცხადებაში, რომელსაც შემდეგი ორგანიზაციები ავრცელებენ:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)

საზოგადოება და ბანკები

განცხადების თავდაპირველ ტექსტში ხელმომწერებს შორის ფიქსირდებოდა ISFED-იც, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის განმარტებით, ისინი არ ეთანხმებიან იმის მხარდაჭერას, რომ რ2-მა  გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადა.

“მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო რუსთავი 2-ზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებაზე. განცხადების მთავარი მიზანი იყო სასწრაფო რეჟიმში დაგვეგმო ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. სიჩქარეში, ბოლო წინადადების ტექსტი გავიდა ისეთი ფორმულირებით, რასაც მე და ორგანიზაცია, რომელსაც წარმოვადგენ, არ ვიზიარებთ. “სამართლიან არჩევნებს” მომზადებული აქვს პოლიტიკის დოკუმენტი ამ საკითხზე, რომელიც მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება და რომელშიც მკაფიოდ არის წარმოდგენილი ჩვენი პოზიცია. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთხოვე კოლეგებს, “სამართლიანი არჩევნები” მოხსნან ამ განცხადების ხელმომწერებისგან. ბუნებრივია, კვლავაც მკაცრად ვგმობთ რუსთავი 2-ზე და მის ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმას”, – აცხადებს მიხეილ ბენიძე.

მოგვიანებით საყვედურის გამოცხადების მოწონების ნაწილი განცხადებიდანამოიღო დარჩენილმა ოთხმა ხელმომწერმა ორგანიზაციამაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი