ვენეციის კომისია პროპორციული საარჩევნო სისტემის გადადებაზე სინანულს გამოთქვამს

ვენეციის კომისია საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმება, თუმცა, სინანულს გამოთქვამს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში არის საუბარი.

კერძოდ, პრეს-რელიზის თანახმად, 2024 წლამდე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება, კონსტიტუციის ექსპერტების თქმით, “ძალაინ სამწუხაროა”. სწორედ ეს გადავადება არის “მთავარი დაბრკოლება კონსენსუსის მისაღწევად”, რადგანაც პატარა პარტიებს მოუწევთ, კიდევ 6 წელი ელოდონ, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებით სრულად სარგებლობას შეძლებენ.

აქვე საუბარია, რომ ექსპერტები მიესალმებიან სპეციალურად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოტანილ ცვლილებებს, რომლებიც გარკვეულწილდ ამსუბუქებენ იმ საზიანო ეფექტებს, რაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადებამ მოიტანა პატარა პარტიებისთვის.

პრესრელიზის თანახამად, ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ასევე წერია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა სხვა რეკომენდაციებიც, მათ შორის, მთავარი პროკურორის პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა. კანონპროექტით, მთავარ პროკურორს კვლავ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ირჩევს.

“ექსპერტების თქმით, კვალიფიციური უმრავლესობა ხელს შეუწყობს პროკურატურის ინსტიტუტის პოლიტიზების თავიდან აცილებას,”- აცხადებენ ექსპერტები.


კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტმა 26 სექტემბერს დაამტკიცა. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტ, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ცვლილებებს.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს, 19 მარტს, მესამე მოსმენით მიიღო. პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით კენჭისყრა დავარაუდოდ მიმდინარე კვირაში შედგება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი