ახალი ამბები

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან 6 პირი დააკავეს

19 მარტი, 2018 • 2226
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან 6 პირი დააკავეს

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან განვითარებული მოვლენების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. პარალელურად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც.

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. “ქართული მარშის” წევრებმა ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც გიორგი გაბუნია (რ2-ის წამყვანი) და თამთა მურადაშვილი (იურისტი) იმყოფებოდნენ. ისინი გაბუნიას მანქანიდან გადასვლას მოითხოვდნენ და ამ უკანასკნელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენდბენენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა  ეს ავტომობილი დააზიანეს.

“გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული,” – ნათქვამია განცხადებაში.

არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, ამჟამად ერაძე ჰოსპიტალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ში ამბობენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ინციდენტის შესახებ „112“-ში შეტყობინება დღეს, 16:32 ზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი-2“-ის ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო.

“ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან”, – აცხადებენ შსს-ში.

“ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ტელეარხის ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. ჟურნალისტმა აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი