ახალი ამბები

დაპირისპირება “არ ემ ჯი გოლდსა” და პოლიტიკოსებს შორის – რა მოხდა საყდრისში

19 მარტი, 2018 • 2077
დაპირისპირება “არ ემ ჯი გოლდსა” და პოლიტიკოსებს შორის – რა მოხდა საყდრისში

დღეს, 19 მარტს, “დმანისის გადარჩენის ფონდი” საყდრისის საბადოებთან, დმანისში ჩავიდა, რათა ის 16 ჰექტარი მიწა ენახათ, რომელიც ეკონიმიკის სამინისტრომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და “არ ემ ჯი გოლდის” წარმომადგენლებს შორის. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “დმანისის გადარჩენის ფონდის” წევრს, გიორგი ვაშაძეს, რათა გაერკვია, თუ რის გამო მოხდა კონფლიქტი.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, “დმანისის გადარჩენის ფონდი” აპირებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას და იმ 16 ჰექტარი მიწის იჯარით აღებას, რომელიც იმ ტერიტორიას ესაზღვრება, რომელსაც “არ ემ ჯი გოლდი” განკარგავს. გიორგი ვაშაძე ეჭვობს, რომ “არ ემ ჯი” ითვისებს აუქციონით გამოცხადებულ ტერიტორიას.

“დღეს დილით დავრეკეთ ეკონიმიკის სამინისტროში, სადაც გვითხრეს, რომ ტერიტორიის დასათვალიერებლად არავითარი ნებართვა საჭირო არ არის, თუმცა, მისვლისთანავე “არ ემ ჯი გოლდის” წარმომადგენლებმა ტერიტორიის დათვალიერების საშუალება უსაფუძვლოდ არ მოგვცეს, მიზეზად კი ასახელებდნენ იმას, რომ ტერიტორია ჩვენს მიმდებარედ არისო.  ამის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა, თუმცა, ჩვენი აქტიურობის შედეგად, ტერიტორიაზე შეშვებაზე დათანხმდნენ. შემოვედით და ტერიტორიის სრულიად სხვა მხარეს წაგვყივანეს, მალავდენ უშუალოდ ამ მიწას, თითქოს გვაჩვენებდნენ, რომ არანაირი ტერიტორიის მითხვისება არ ხდება,” – განმარტავს ის.

ვაშაძის თქმითვე, სიცრუეა ის, თითქოს არსებობს სხვა გზა, რომელიც აღნიშნულ 16 ჰექტრამდე ისე მიდის, რომ არ გადის “არ ემ ჯი-ს” კუთვნილ ტერიტორიაზე.

“ის გზა, სხვა, რომელიც ამ ტერიტორიამდე მიდის, არ არსებობს. იქ გადადგილება შეუძლებელია, ფაქტობრივად, სხვა გზა არ იყო.   ჩვენ მარტივად ვთქვით, რომ მიდის ნორმალური გზა და ამ გზის გავლით გვინდა შევიდეთ ტერიტორიაზე. თვითონ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც ზუსტად იმ ადგილიდან მოადგნენ შესასვლელად, საიდანაც ჩვენ შემოვედით, ” – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

“დმანისის გადარჩენის ფონდის” ინფორმაციით, ხვალ ტერიტორიაზე ამზომველებს გამოუშვებენ, რომლებიც ზუსტად გაზომავენ და შეისწავლიან ტერიტორიას. გიორგი ვაშაძის განმარტებით, სპეციალისტების დასკვნითვე გაირკვევა, ითვისებს თუ არა “არ ემ ჯი” დამატებით ტერიტორიებს.

“ახლა ვითხოვთ “არ ემ ჯისგან” ცნობებს, თუ  რა ტერიტორიაზეა საუბარი, სალიცენზიო ტერიტორია რა ფართობისაა, ვითხოვთ სალიცენზიო რუკას, სადაც , წესით, უნდა ჩანდეს, თუ რა სექტორების დამუშავება შეიძლება და რომლის არა. ამ რუკას კომპანიაში არ გვაძლევენ. იმავე პასუხს ვიღებთ ეკონომიკის სამინისტროსგან. ისინი ხსნიან, რომ არ აქვთ ეს დოკუმენტები და გვეუბნებიან, რომ მათი საქმე არ არის. სამწუხაროდ, “არ ემ ჯი გოლდი” და სამთავრობო უწყებები შეწყობილად მუშაობენ” – აცხადებს ვაშაძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს საყდრისში 14 პოლიტიკური პარტია (მათ შორის, “ევროპული-დემოკრატები”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ედპ”, “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”,  “ევროპული საქართველო”) და  ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ტერიტორიაზე მისულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მოთხოვნისამებრ, უსაფრთხოების ყველა ზომა დაიცვეს. 

შემთხვევას “არ ემ ჯიშიც” ეხმაურებიან, მათი თქმით, ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ უარი ეთქვათ ტერიტორიაზე შესვლაზე, გახლავთ სრული სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

“მიუხედავად კომპანია “არ ემ ჯის” მზაობისა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, საკუთარ ტერიტორიაზე შეეშვათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ ღია აგრესია გამოხატეს და მორიგი პოლიტიკური შოუს მოწყობა სცადეს. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები კომპანია “არ ემ ჯის” საქმიანობის შესახებ და ტყუილია, თითქოს კომპანია სამუშაოებს წესების დარღვევით აწარმოებს, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

“არ ემ ჯის” მოსაზღვრედ მდებარე 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასაყიდად აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ 6 მარტს გამოაცხადა და 20 მარტს უნდა დასრულდეს. საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაკვეთი  მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია “არემჯი გოლდი”  სამთო სამუშაოებს აწარმოებს, რაც მათი თქმით,  ცხადყოფს, რომ აუქციონს მხოლოდ ერთი მონაწილე ეყოლება.

მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე  “არ ემ ჯი გოლდი”  ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, საყდრისის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ კომპანიის საქმიანობის თუნდაც ერთი ჰექტრით გაფართოება დაბინძურების ახალი წყაროს გაჩენასა და კიდევ უფრო მეტ დაავადებულ ადამიანს ნიშნავს.

კომპანიაში ამბობენ, რომ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშოებს არ აწარმოებს და ეს ფართი ფუჭი ქანების განსათავსებლად სჭირდება.

კომპანიაში ასევე ცხადებენ, რომ აუქციონზე გამოტანილი 16 ჰა მიწის ნაკვეთზე შესვლა და დათვალიერება შესაძლებელია, მათი კომპანიის საწარმოო ტერიტორიის გარდა, სხვა ადგილებიდან და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მოკლედ საყდრისის შესახებ

კომპანია “არ ემ ჯიმ” 2013 წლის 26 აპრილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არა ოქროს, არამედ სპილენძის მომპოვებელი მაღარო იყო და მის მიმართ გეოლოგებსა და არქეოლოგებს ცალსახა დამოკიდებულება არ ჰქონდათ.

2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ მას კანონის დარღვევით ჰქონდა ძეგლის სტატუსი მინიჭებული.

2014 წლის მარტში კულტურის სამინისტრომ მისცა “არ ემ ჯის” ამ ადგილას სამუშაოების წარმოების უფლება. ანგარიშში, რომელსაც სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ მოაწერა ხელი, აღნიშნულია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ ირინე ღამბაშიძისა და თომას შტოლნერის მიერ ჩატარებული კვლევების დოკუმენტაცია არ არის სარწმუნო, რადგან პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოძიება, მისი მოპოვება წარმოუდგენელი იყო.

საყდრისის საკითხი პოლიტიზებული იმითაც გახდა, რომ მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო, რომელიც უკვე აღარ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილმა 2014 წლის 18 მარტს იმედის ეთერით განაცხადა, რომ ოდიშარია სუსტი კულტურის მინისტრი იყო, რომელსაც გადაწყვეტის დროულობა აკლდა. ივანიშვილის შემდეგი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი