ახალი ამბები

ლომჯარია დევდარიანის საქმეზე: მონათხრობი სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებსაც შეიცავს

19 მარტი, 2018 • 3035
ლომჯარია დევდარიანის საქმეზე: მონათხრობი სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებსაც შეიცავს

2018 წლის 18 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“სახალხო დამცველმა პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი  შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის, დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში. შესწავლის პროცესი ყველა მონაწილე მხარის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების, პატივისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო შემთხვევათა შესახებ სახალხო დამცველისთვის მხოლოდ კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ქალთა მოძრაობამ საჯარო განცხადება გაავრცელა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკითხის მნიშვნელობას, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო შემთხვევა და მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს მიმართონ სახალხო დამცველის ოფისებს, ანდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 1481.

სახალხო დამცველი აგრძელებს მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად. ამასთან, დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციისთვის, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქმედებას, რომელიც პირს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან/და ულახავს ღირსებას”, – ვკითხულობთ ამ განცხადებაში.


17 მარტს  “ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას ზვიად დევდარიანმა განცხადებითვე უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. დევდარიანი კანდიდატად  სახალხო დამცველმა წარადგინა.

ზვიად დევდარიანმა პასუხში აღნიშნა, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.

“თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექსკლუზიურად აიპრესმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი