ახალი ამბები

8 NGO მოუწოდებს ომბუდსმენს, შეისწავლოს სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევები

19 მარტი, 2018 • 1607
8 NGO მოუწოდებს ომბუდსმენს, შეისწავლოს სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევები

“კოალიცია თანასწორობისთვის’’ აცხადებს, რომ სურს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოს სექსუალური შევიწროების ყველა მსხვერპლ ქალს და მოუწოდებს მათ სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ.

კოალიცია მოუწოდებს სახალხო დამცველს, მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვით შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში. კოალიცია ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა ევროკავშირის დირექტივებისა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად (სტამბოლის კონვენცია), სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად, რაც შექმნის სასამართლოსთვის მიმართვის მკაფიო შესაძლებლობას. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ყველა ქალს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განიცადა.

კოალიცია განცხადებით ეხმიანება “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) აღმასრულებელი დირექტრის, ზვიად დევდარიანის, მიერ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ძალადობის სხვა ფორმებს”, რომლებიც მათივე თქმით, სოციალური ქსელის, მედიისა და კოალიციის წევრი ორგანიზაციების დაზარალებულებთან შეხვედრის მეშვეობით გამოვლინდა.

კოალიციის წევრები არიან –  ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

კოალიციას მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოაშკარავება და მათზე სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია ქალთა დისკრიმინაციის ამ ერთ-ერთ ყველაზე  გავრცელებულ და დაფარულ ფორმასთან საბრძოლველად.

“კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მოპოვებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს შევიწროების არა ერთეულ, განცალკევებულ ფაქტებს, არამედ სხვადასხვა ქალის მიმართ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით განხორციელებულ სავარუდო შევიწროებასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ქმედებები, როგორც წესი, ხორციელდებოდა სოციალური ქსელით ან/და პირად რეალურ სივრცეებში, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობისა და ძალაუფლების გამოყენებით (მათ შორის, თანამშრომლის მიმართ). ზოგიერთ შემთვევაში მსხვერპლები უთითებენ არასასურველი ინტიმური და ფიზიკური შეხების ფაქტებს. მთლიანობაში მსგავსმა მოპყრობამ მსხვერპლ ქალებს სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა და ზოგიერთ მათგანში ტანჯვისა და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, “კოალიცია თანასწორობისათვის” აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებას, შრომითი ურთიერთობების დაწყებასა და შენარჩუნებას.

“სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სანქციას არ ითვალისწინებს, შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმასა და ხშირ შემთხვევაში ხდება თავად მსხვერპლების დადანაშაულება, ამგვარი ქმედებები სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება და ქალები ამჯობინებენ არ ისაუბრონ შევიწროების ფაქტებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია ასევე ეხმაურება ისტორიების გასაჯაროების შედეგად სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესაძლო დარღვევის საკითხს.

“აღვნიშნავთ, რომ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის თანახმად, გენდერული ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ქალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლებას. არსებითია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სენსიტიურ შემთხვევებზე საუბრის დროს ყველა  ზომა იქნეს მიღებული, რათა არ მოხდეს მსხვერპლ ქალთა ხელახალი ვიქტიმიზაცია სავარაუდო მოძალადეს უფლებების დაცვის კონტექსტში”,- ნათქვამია განცხადებაში.


17 მარტს  “ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას ზვიად დევდარიანმა განცხადებითვე უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. დევდარიანი კანდიდატად  სახალხო დამცველმა წარადგინა.

ზვიად დევდარიანმა პასუხში აღნიშნა, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.

“თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექსკლუზიურად აიპრესმა გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი