ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობაზე 120 მილიონი დაიხარჯა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, იმ დაავადებების მკურნალობაზე, რომელთა გამომწვევად ჰაერის დაბინძურება მიიჩნევა, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 050 566 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, გარემოს დამაბინძურებლებით [აზოტის დიოქსიდი (NO2), ნანხშირორჟანგი (CO2), ნახშირჟანგი (CO), ოზონი (O3), მტვრის ნაწილაკები (PM2.5, PM10)] გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 120 050 566 ლარი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხის დაახლოებით 60% გადარიცხულია თბილისში არსებულ კლინიკებში. გასათვალისწინებელია, რომ რეგიონების მოსახლეობის ნაწილი სამკურნალოდ დედაქალაქის საავამდყოფოებს მიმართავს, რაც ამცირებს რეგიონებში კლინიკებში მიმართვიანობის პროცენტს.

აუდიტმა დამაბინძურებლებით გამოწვეულ დაავადებებს შორის დაასახელა:

  • ასთმა, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები
  • რესპირატორული სისტემების დაავადება, ხველება, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება
  • ინტოქსიკაცია
  • სასუნთქი გზების დაავადებები, თვალების წვა, ხველება
  • ასთმა, თავბრუსხვევა, სისხლმბადი ორგანოების დააავადებები (ლიმფომა, ლეიკემია), ფილტვების კიბო
  • კარდიოვასკულარული და ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადებები, ფილტვების კიბო

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში მოქმედი ნორმები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.

2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ფაქტობრივი მონაცემები თბილისის მასშტაბით – ამონარიდი აუდიტის დასკვნიდან

კვლევის მიხედვით, ძირითადი ურბანული დამაბინძურებელია ავტოტრანსპორტი, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 37% თავმოყრილია თბილისში.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია:

  • ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი
  • მრეწველობა (მეტალურგიული კომბინატები, ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ცემენტის ქარხნები,
    ფეროშენადნობთა ქარხანა და სხვ.)
  • მშენებლობა (ძველი შენობების დემონტაჟი, მშენებლობის ნორმების დაუცველობა, ბადეების გამოყენების უგულებელყოფა)
  • ენერგეტიკული სექტორი (თბოსადგურების მოხმარებისთვის გამოყენებული მყარი და თხევადი საწვავი, ნავთობისა და გაზის მოპოვება და სხვ.)
  • სოფლის მეურნეობა (შხამ-ქიმიკატების მოხმარება)
  • გადამამუშავებელი მრეწველობა (მყარი ნარჩენების გადამუშავება)

აუდიტის სამსახურის ცნობით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების მოქმედი ნორმები ეფუძნება საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ სახელმწიფო სტანდარტებს, ე.წ. გოსტებს, რაც ხელს უშლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესადარისობას.

სახელმწიფოს მხრიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე დახარჯული სახსრები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სათანადო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, აცხადებს აუდიტის სამსახური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com