ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის ავტობუსების 56%-მა 2017 წელს ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა – აუდიტი

19 მარტი, 2018 • 2917
თბილისის ავტობუსების 56%-მა 2017 წელს ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა – აუდიტი

აუდიტის სამსახურის ცნობით, თბილისში მოძრავი ავტობუსების 56%-მა 2017 წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, 2017 წელს თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან 143 “მანის” ფირმის ავტობუსს არ ეკუთვნის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო დანარჩენი 673 ავტობუსიდან 456-მა ინსპექტირება ვერ გაიარა.

აუდიტის მოპოვებული ინფორმაციით, ავტობუსების უმეტესი ნაწილი გაუმართავია და თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად ინსპექტირებას ვერ გადიან, რაც გამოწვეულია გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობით.

“ასეთი ავტობუსების ექსპლოატაცია საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ავტობუსების საშუალო ასაკი 12 წელზე მეტია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ნაკლებობამ განაპირობა მათი მდგომარეობის გაუარესება. მგზავრთა გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობის მიუხედავად, სატრანსპორტო კომპანია ავტობუსებს მაინც უშვებს ხაზზე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისის მერიიდან მიღებული განმარტებით, ავტობუსების მიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობა მხოლოდ გამონაბოლქვი სისტემის გაუმართაობითაა გამოწვეული. ავტობუსების უმრავლესობა მოძველებულია, მათი ძრავის შიდა წვის სისტემა აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო შეცვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად,  აღნიშნული ავტობუსები გარემოს დაცვის კუთხით საკანონმდებლო ნორმებს არ აკმაყოფილებს.

2016 წლამდე ქალაქში მოძრაობდა მხოლოდ მოძველებული ავტობუსები. 2016 – 2017 წლებში მერიამ ევროკავშირის გრანტით და EBRD-ის კრედიტით თხევად გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი (MAN) შეიძინა.

თბილისის რელიეფისა და ქუჩების სივიწროვის გათვალისწინებით, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ ახალი ავტობუსების გამოყენება მათი დიდი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ქალაქის დიდ ნაწილში, ასეთ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის ერთადერთი საშუალებაა მიკროავტობუსები და შედარებით მცირე ზომის ავტობუსებია (BOGDAN), რომლებიც ვერ გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ტრანსპორტის სამსახურის მიერ აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი მიმოსვლის მიკროავტობუსების მფლობელი ოთხივე კომპანია განმარტავს, რომ ყველა მიკროავტობუსმა 03.10.2016 – 03.04.2017 პერიოდში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად პერიოდული ინსპექტირება გაიარა, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები აუდიტს არ მიუღია.

შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ დაარსდა 2011 წელს და  მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული 4 კომპანიას – შპს „თბილ ლაინი“, შპს „თბილ ქარი“, შპს „კაპიტალ გრუპი“ – და შპს „ფაბლიქ ქარსი“ მართავს.

ტრანსპორტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით 2 024 შიდა საქალაქო მიმოსვლის მიკროავტობუსია, მათგან დაახლოებით 1 700 ერთეული ყოველდღიურ სამარშრუტო მოძრაობაშია ჩართული. მიკროავტობუსების პარკის შემადგენლობასა და მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობას კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მერია ახორციელებს.

აუდიტის რეკომენდაცია:

  • დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ მავნე აირების გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მათი ხედვა და ვადებში გაწერილი კონკრეტულად გასატარებელი ღონისძიებები ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და განახლების მიმართულებით. ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატიული ტრანსპორტის დანერგვის კუთხით;
  • გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათ მიერ ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი