ტრანსგენდერი ქალის თქმით, მასზე პოლიციის თვალწინ იძალადეს

18 მარტს, ღამით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალზე კიდევ ერთხელ იძალადეს. როგორც გაბრიელა ამბობს, მოძალადე მას საპატრულო ეკიპაჟის (ნომრით 113) თვალწინ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა სამართალდამცველებს არანაირი რეაგირება მოუხდენიათ.

რას ყვება გაბრიელა - ვრცლად

გმირთა მოედანზე ვიყავით მე და ჩემი სამი ტრანსგენდერი მეგობარი. მაღლა იდგა საპატრულო ეკიპაჟიც. ჩემი მეგობარი ავიდა პატრულთან, რომ გაერკვია, რა ხდებოდა, რადგან ხშირად გვიწევს ხოლმე პოლიციის გამოძახება. დაბლა დავრჩით მე და ჩემი ორი მეგობარი. ამ დროს გააჩერა მანქანამ და პატრულის თანდასწრებით დაუწყეს ჩემს მეგობარს გინება. ხელითაც იწევდნენ. მე მეგობრის დასახმარებლად წავედი. მივუახლოვდი თუ არა მათ, პატრულმა გაუშვა ისინი და ერთ-ერთმა დამიწყო გინება. ჯერ სახეში შემაფურთხა და მერე ხელი მკრა. გადავუდექი მანქანას და ვუთხარი, არ გაგატარებ-მეთქი. ჩასხდნენ მაინც და დაძრეს მანქანა. მივხვდი, რომ ნამდვილად არ აპირებდნენ გაჩერებას და დამეჯახებოდნენ. გამოვერიდე და ამ დროს ხელი მივარტყი მანქანას.

ავედი საპატრულო ეკიპაჟთან და ყველაფერი მოვუყევი. ვუთხარი მანქანის ნომერიც, მაგრამ არანაირი რეაგირება მოჰყოლია სამართალდამცველების მხრიდან. შეეძლოთ, რომ ჩამსხდარიყვნენ მანქანაში და დადევნებოდნენ, მაგრამ არაფერი იღონეს, რადგან მათ თვალწინ მოხდა ეს ინციდენტი. ვალდებულება ჰქონდათ დადევნების, თუმცა იდგნენ და არანაირი რეაგირება ჰქონიათ.

უნდობლობა გამოვუცხადე იქ მყოფ პოლიციელებს და დავრეკე 112-ში იმის გამო, რომ სხვა ეკიპაჟი გამოეგზავნათ. მეორე ეკიპაჟი არადა არ გამოჩნდა, რის გამოც დავრეკე გენისპექციის ცხელ ხაზზე და მოვითხოვე მათი წარმომადგენლის მოსვლა, რომ დაფიქსირებინათ სამართალდამცველების მხრიდან კანონდარღვევა. გენერალური ინსპექციიდანაც არავინ დაგვკავშირებია. მაქვს ჩანაწერები, როცა გენისპექციის ცხელ ხაზზე ვესაუბრები ოპერატორს და ვეუნბები, რომელ საათზე გამოვიძახე პატრული და რომელ საათამდე არ მოვიდა.

ამასობაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მოვიდა და ჩავჯექი მათ რეანომობილში. დაახლოებით 3 საათის შემდეგ, როდესაც სახლში ვიყავი უკვე, დამირეკა გამომძიებელმა, რომ მოვედიო და თუ შეიძლება, ადგილზე მოდითო. აღარ მივსულვარ, რადგან არ ვენდობი მათ. ორშაბათს პროკურატურაში შევიტან სარჩელს.

 

გაბრიელას თქმით, მოძალადის მანქანას გადაუდგა იმის გამო, რომ შეეჩერებინა იქვე მყოფი პოლიციელების მისვლამდე, რა დროსაც ხელი დაიზიანა. ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ ხელი სავარაუდოდ ნაღრძობი აქვს.

გენერალურ ინსპექციას საპატრულო პოლიციის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს და იხსენებს ერთ-ერთ ფაქტს, თუ როგორ იძალადა თვითონ პოლიციელმა მასზე.

“მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მცემა და იძალადა ჩემზე. შესაბამისი მტკიცებულებები წარვუდგინე გენისპექციას, რომ საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებმა დაარღვიეს კანონი, მაგრამ არანაირი რეაგირება მოჰყოლია ამ საქმეს. წერილობით გვიპასუხეს, რომ გავათავისუფლე სამსახურიდანო, მაგრამ რეალურად, კი არ გაათავისუფლეს, ბათუმში გადაუყვანიათ. ეს ამბავი გავიგეთ მაშინ, როცა ჩემს მეგობარს ბათუმში დაესხნენ თავს, ხოლო ადგილზე ჩემს მიმართ ძალადობაში მხილებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოგვეცხადა და მაშინაც იგივეს აპირებდა,” – ამბობს გაბრიელა.

ტრანსგენდერი ქალი ადვოკატთან ერთად 19 მარტს პროკურატურაში აპირებს საჩივრის შეტანას როგორც თავდასხმის საქმეზე, ასევე, საპატრულო ეკიპაჟისა და გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ.

გაბრიელა ამბობს, რომ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატი და ზოგიერთი მედიასაშუალება ინტერესდება მათი უფლებების დაცვით. მისი თქმით, როდესაც ძალადობენ ტრანსგენდერ ქალებზე, თუნდაც ღამის საათებში, ომბუდსმენის წარმომადგენელი ადგილზე მიდის და აფიქსირებს ყველა ფაქტს.

გუშინდელი ძალადობის შესახებ უკვე ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი. გაბრიელა ომბუდსმენის მოადგილეს, ეკა სხილაძეს მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის: “ადამიანურად, ის ყოველთვის ცდილობს ჩვენს დახმარებას, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას.”

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა საპასუხო კომენტარისთვის. შსს-ში ამბობენ, რომ გაბრიელას ზარი მიიღეს, სადაც ის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობდა. უწყების ცნობით, ადგილზე გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია, სადაც შეტყობინების ავტორი აღარ დახვდათ. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, შეადგინეს ოქმები და დაურეკეს გაბრიელას, რომ ჩვენების მისაცემად განყოფილებაში მისულიყო, თუმცა იგი არ მისულა ჩვენების მისაცემად.

რაც შეეხება გაბრიელას ბრალდებებს იმის შესახებ, რომ 113-ე საპატრულო ეკიპაჟის თვალწინ იძალადეს მასზე, ხოლო შემდე გენერალურმა ინსპექციამ კანონდამრღვევ პოლიციელებს ხელი დააფარა, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გვაცნობებს პასუხს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.