ახალი ამბები

თურქეთის ძალები და მათი მხარდამჭერი მებრძოლები აფრინის ცენტრში შევიდნენ

18 მარტი, 2018 • 2313
თურქეთის ძალები და მათი მხარდამჭერი მებრძოლები აფრინის ცენტრში შევიდნენ

თურქეთის არმიის ნაწილებმა და მისმა მხარდამჭერმა სამხედრო დაჯგუფებებმა სირიის ქალაქ აფრინის ცენტრს მიაღწიეს. ორთვიანი სამხედრო ოპერაციისა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მათ ქურთი მებრძოლები ჯერ ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფლებიდან განდევნეს, საბოლოოდ კი, აფრინში შესვლა შეძლეს.

აქამდე ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქის აღების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საჯაროდ 18 მარტის დილას განაცხადა. BBC-ის ცნობით, ფაქტი თურქეთის მხარდამჭერ ამბოხებულთა დაჯგუფების, “სირიის თავისუფალი არმიის” სპიკერმაც გაახმოვანა და აღნიშნა, რომ მებრძოლები ქალაქში სამი მხრიდან, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.

“სავარაუდოდ, ქალაქი [ქურთი] მებრძოლებისგან დღის ბოლომდე გაიწმინდება”, – აღნიშნა მან.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანს, თუ როგორ ფრიალებს ახლად დაკავებული ქალაქის ცენტრში ქვეყნის ეროვნული დროშა. კადრში ასევე ჩანს “სირიის თავისუფალი არმიის” სიმბოლიკა – სამხედრო დაჯგუფებისა, რომელიც ქურთების წინააღმდეგ თურქულ მხარესთან ერთად ოპერაციის პირველივე დღიდან იბრძოდა.

დროშების აღმართვის პარალელურად, თურქეთის მხარდამჭერმა დაჯგუფებებმა ქურთებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მითოლოგიური გმირის ძეგლიც ჩამოაგდეს, რომელიც ქალაქის ცენტრში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იდგა.

სანამ თურქული მხარე აფრინის “ტერორისტებისგან” გაწმენდას აღნიშნავს, ქურთები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებენ. როგორც აფრინის ანკლავის აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქურთი მებრძოლები მთელ აფრინში რჩებიან და მოწინააღმდეგესთან ბრძოლას განაგრძობენ:

“ერდოღანის მიერ გამარჯვების გამოცხადებას არანაირი ფასი არ აქვს თურქეთისა და მსოფლიოს თვალში. ჩვენი ძალები მათ ღამის კოშმარს მოუწყობენ. წინააღმდეგობა გაგრძელდება, სანამ თითოეული ინჩი არ გათავისუფლდება და მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდება”, – აღნიშნა ოსმან შეიხ ისსამ.

თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია “ზეთისხილის რტო” მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო. მის მიზანს აფრინის ანკლავის ქურთი მებრძოლებისაგან გათავისუფლება წარმოადგენდა. ოპერაციაში ჩართული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ისე მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია.

ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, მსხვერპლის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია” 280 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვის შესახებ იუწყება, რასაც თურქული მხარე არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ ყველანაირად ცდილობს, სამხედრო მოქმედებების დროს მოსახლეობა არ დაზარალდეს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქურთულმა მხარემ განაცხადა, რომ ოპერაციისას, მათი მხრიდან, 820 მებრძოლი დაიღუპა.

ქალაქი აფრინი ქურთების დე ფაქტო ავტონომიის ნაწილია, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს და თურქეთს ესაზღვრება. აქვე მოქმედებს “სახალხო თავდაცვითი შენაერთი”(YPG), რომელიც 2014 წლის შემდეგ აქტიურად იბრძვის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თურქეთი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” კავშირში ადანაშაულებს. ოპერაციის დაწყებამდე ერდოღანი აცხადებდა, რომ აშშ თურქეთის საზღვართან “ტერორისტული არმიის” შექმნას ცდილობს, რასაც თურქეთი არ დაუშვებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი