რა ღონისძიებები დაიგეგმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია, რადგან დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.

ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართელოც. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „რას ვმატებ საზოგადოებას „ (What I bring to my community).

დაგეგმილი ღონისძიებები:

  • 10-21 მარტი – უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა (წინდებისშეძენა შესაძლებელია „ნიკორას“ მაღაზიების ქსელსა და სოციალურ საწარმო „ბაბალეში“);
  • 19 მარტი 19:00 საათზე,  პერფომანსი 47=46 „ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობების ერთობლივი წარმოდგენა (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი; ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ.101/1)
  • 20 მარტი 16:00 საათზე, ბოულინგის ტურნირი „გიგოს ფონდისთვის“ – ბოულინგის ცენტრი „ლებოვსკი“ უმასპინძლებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წევრ ორგანიზაციებს შორის ბოულინგის ტურნირს (მისამართი EAST POINT – Lebowski კახეთის გზატკეცილი).
  • 21 მარტი 11:00 – 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო რუმსში, გაიმართება კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ – ეძღვნება შშმ პირთა  დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს;
  • 21 მარტი – ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს  რეგიონის მუნიციპალიტეტებში.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ:

როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე.

დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. ეს გახლავთ მისი ბუნებრივი მდგომარეობა. გამომდინარე აქედან, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის . ეს ადამიანის გენეტიკური მდგომარეობაა.

მნიშვნელოვანია, როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად.

საუბრისას წინა პლანზე გამოიყვანეთ პიროვნება, ადამიანი და ამის შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა.

დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას:  დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი,  სწორი ფორმაა:  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი

ცნობისთვის:

  • დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
  • დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
  • დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
  • დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.