ახალი ამბები

რუსეთმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 33 უბანი გახსნა

18 მარტი, 2018 • 2255
რუსეთმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 33 უბანი გახსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც 33 საარჩევნო უბანი უკანონოდ გაიხსნა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას,” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგს.

დღეს, 18 მარტს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში კვლავ მონაწილეობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც რუსეთს უკვე 18 წელია მართავს. მას სერიოზული კონკურენტი არც წლევანდელ არჩევნებზე ჰყავს. მის ერთ-ერთ კონკურენტ ალექსეი ნავალნის, რომელიც პუტინის კორუფციულ რეჟიმს უკვე წლებია აკრიტიკებს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი