ომბუდსმენი საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ზვიად დევდარიანის კანდიდატურას ხსნის

სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატობიდან მოხსნა. დევდარიანი ომბუდსმენმა გუშინ, 16 მარტს კანდიდატად თავადვე წარადგინა.

სახალხო დამცველმა აღნიშნული გადაწყვეტილება  “ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების, საპასუხოდ მიიღო. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, მისთვის ცნობილი არ იყო “ქალთა მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ტექსტში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ:

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. როგორც სახალხო დამცველმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი”- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებამდე, თავად ზვიად დევადარიანმაც გაავრცელა მიმართვა, სადაც კანდიდატურის მოხსნის შესახებაც თქვა. დევდარიანი ასევე უარყოფს მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს და ამბობს, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო, მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.

“თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექსკლუზიურად აიპრესმა გაავრცელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com