ახალი ამბები

მინისტრი – გუდაურის საბაგიროზე დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

17 მარტი, 2018 • 2101
მინისტრი – გუდაურის საბაგიროზე დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

გუდაურის სამთო კურორტის სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ორსული ქალბატონის, რომელიც ახლა “მედი ქლაბ ჯორჯიაში” იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბედნიეროდ, ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს ჩივილი, წელის ტკივილი, რომელიც სავარაუდოდ დაჟეჟილობით არის გამოწვეული. დღის განმავლობაში დაკვირვება გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება, რომ ის გაეწეროს,”-აცხადებს მინისტრი.

გუშინ, 16 მარტს, შუადღისას, გუდაურის სამთო კურორტის სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის უკრაინის, რუსეთის და შვედეთის ერთი მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი