ახალი ამბებიკომენტარი

კიბერუსაფრთხოება, პრორუსული პროპაგანდა და საქართველო-ლიტვის თანამშრომლობა

16 მარტი, 2018 • 3256
კიბერუსაფრთხოება, პრორუსული პროპაგანდა და საქართველო-ლიტვის თანამშრომლობა

რა გამოცდილება აქვს ლიტვას კიბერსაფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით და როგორ შეუძლია ამ კუთხით საქართველოს დაეხმაროს? გთავაზობთ ინტერვიუს ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ედვინას კერზასთან.

თქვენ შეხვდით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს, შეხვედრის ბოლოს საქართველოსა და ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეთ. ეს გეგმა ითვალისწინებს თუ არა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას და რა კონკრეტულ საკითხებს ფარავს?

პირველადაა, როცა კიბერუსაფრთხოების საკითხები ამ გეგმაში შედის. გასულ წელს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში ბევრი შეხვედრა მქონდა. ვცდილობთ განვსაზღვროთ, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო მეტად.

რამდენიმე წლის წინ ლიტვამ საქართველოს შესთავაზა, რომ მისი უსაფრთხოების სპეციალისტები ლიტვის კიბერუსაფრთხოების გუნდს შეერთებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ ნატოს წვრთნებში. ეს უნიკალური შემთხვევა იყო. ისინი ჩვენს გუნდს შეუერთდნენ და კიბერარენაზე ჩვენს სპეციალისტებთან ერთად იბრძოდნენ. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისი, ახლა  მომდევნო ნაბიჯებზე ვმსჯელობთ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროკავშირის ტვინინგის პროექტია, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყანა სხვა სახელმწიფოს პრაქტიკული გზით დაეხმარება. ჩვენს შემთხვევაში ეს საკითხი არის კიბერუსაფრთხოება. ლიტვას დიდი გამოცდილება აქვს საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაში, ევროკავშირის დირექტივების მიღებაში. შეგვიძლია გამოცდილება გაგიზიაროთ. ამ პრაქტიკის პირდაპირი დანერგვა შეიძლება თქვენს კანონში ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ, რათა  თქვენი კიბერსივრცე ავტომატურად უფრო ეფექტური გავხადოთ.

მეორე პროექტი და იდეა უკავშირდება იმას, თუ როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველომ ლიტვის პესკოს შეთავაზებაში. პესკო არის ევროკავშირის პროექტი, სადაც მისი წევრი ქვეყნები  უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობენ. ლიტვის შეთავაზება ევროკავშირში სწრაფი რეაგირების კიბერგუნდის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც 3 ამოცანა ექნება, – დაიცვას ევროკავშირის ინსტიტუტები, დაიცვას ევროკავშირის ქვეყნები და მესამე, პრაქტიკული გზით დაეხმაროს პარტნიორებს.  ისეთს, როგორიცაა საქართველო. თუ საქართველოს ელექტროსისტემას თავს დაესხმებიან და მას დახმარების მიღების სურვილი ექნება,  საჭიროებიდან გამომდინარე ევროკავშირი ამ ძალას გამოგზავნის. ეს გუნდი [საქართველოს]  დაეხმარება, მოაგროვებს მტკიცებულებებს, ამ მასალებს გაუგზავნის ევროკავშირის ქვეყნებს, ნატოს და ასე შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, თუ რა კრიმინალური ჯგუფი ან თუნდაც რომელი ქვეყნის მთავრობა იდგა ამ თავდასხმის უკან.

და ეს გეგმა, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენეთ, ითვალისწინებს ამ თანამშრომლობას?

დიახ.

არსებობს რაიმე პირობები, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ამ ყველაფრის მისაღებად?

ამ მომენტისთვის არა, რადგან ეს გეგმა ახლახან შეიმუშავეს ევროკავშირში და ევოლუციის პროცესშია. პირველ რიგში, საჭიროა გუნდის ჩამოყალიბება, რათა შევქმნათ სამართლებრივი ჩარჩო.  ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, გვჭირდება თუ არა, რომ რაიმე შევცვალოთ ევროკავშირის რეგულაციებთან მიმართებაში, გვინდა თუ არა, რომ რომელიმე ორგანიზაციას მივცეთ მანდატი. მოცემულ მომენტში საქართველო უბრალოდ ინფორმირებულია, რომ ამ პროექტს ხელმძღვანელობს ლიტვა და მხარს უჭერს პარტნიორებს, რომ შეუერთდნენ მას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა ქვეყანა მიიღებს.

გლობალური კიბერუსაფრთხოების ცენტრის 2017 წლის მონაცემებით, ლიტვა სრულყოფისკენ  მიიწევს ინცინდენტებზე რეაგირების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის და სხვა კუთხით.  როგორ რეაგირებს ლიტვა უშუალოდ ინცინდენტებზე და როგორ შეიძლება საქართველოს დაეხმაროს ინცინდენტებზე რეაგირების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, შეგიძლიათ ეს მაგალითებით აგვიხსნათ?

თუ გსურთ, რომ კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურად იმუშაოთ, ორი მთავარი რამ გჭირდებათ. პირველია ძალიან კარგად მომუშავე საკანონმდებლო სისტემა. უნდა შექმნათ ორგანიზაციები კონკრეტული ფუნქციებით. ადრე ლიტვაში ბევრი ინსტიტუცია გვქონდა, რომელიც უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. ესენი იყო თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო. ეს სისტემა არ მუშაობდა, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა ამ ფუნქციის კონსოლიდირება ერთ სამინისტროში, საუბარია თავდაცვის უწყებაზე. ამ სამინისტროში შევქმენით ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა კიბერსივრცეზე. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ხართ მოქალაქე, ბიზნესი, მთავრობა თუ სამხედრო შენაერთი. თუ რაიმე ინცინდენტი მოხდება, იცით, ვის უნდა მიმართოთ. ესაა ერთი ფანჯარა ყველასთვის. ეს არის პირველი ნაწილი, რაც საჭიროა, რომ გაკეთდეს.

ინცინდენტების რაოდენობა ძალიან იზრდება. მაგალითად, გასულ წელს ლიტვაში 54 000 კიბერინციდენტს გავუმკლავდით, გესმით ალბათ, რომ მხოლოდ ადამიანური რესურსით ამ რაოდენობის ინციდენტების გამოძიება შეუძლებელია. ლიტვამ ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩადო კვლევის და განვითარების მიმართულებით და შევქმენით ჩვენივე ინსტრუმენტები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გვეხმარება ავტომატურად გადაჭრას ეს საკითხები. ანუ აღმოაჩინოს, გაუგზავნოს ინფორმაცია სერვისის მომწოდებელს, რომელიც ავტომატურად მიიღებს ზომებს. მხოლოდ განსაკუთრებით რთულ ინცინდენტებში არიან ჩართული ადამიანები. ჩვენ არ გვჭირდება ბევრი ადამიანი იმისათვის, რომ ეფექტურად ვიმუშაოთ. მხოლოდ 56 ადამიანი მუშობს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში და ამ დროს წლიურად 54 000 ინცინდენტს ვუმკლავდებით.

როდესაც ეს ორი რამ არსებობს ქვეყანაში, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ კიბერშემთხვევებს მალევე უპასუხებ. მათ იქამდე აღმოაჩენ, სანამ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემა გაქვს, შეატყობინებ სერვისის მიმწოდებელს და ის ამას ავტომატურად დაბლოკავს.

საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მონაცემთა გაცვლის სააგენტო იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, კიბერუსაფრთხოების ბიურო- თავდაცვის სამინისტროში, კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა კი არის შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოდის, რომ დივერსიფიცირების ეს მოდელი არ არის ეფექტური?

ჩვენ მსგავსი სიტუაცია გვქონდა ლიტვაში და ნათლად დავინახეთ, რომ ეს არ მუშაობს ეფექტურად. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ სისტემის შეცვლა. 10 თვე დაგვჭირდა, რომ ყველა ერთი ქოლგის ქვეშ გაგვეერთიანებინა. ამიტომაც ვარ აქ, გიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ რა სარგებელი მივიღეთ ამის შეცვლით.  აქაურმა კოლეგებმა ნათლად გამოხატეს მხარდაჭერა და ინტერესი. ამისთვისაა ტვინინგის პროექტიც ძალიან სასარგებლო, რადგან ლიტვას ეძლევა შესაძლებლობა გაგიზიაროთ მისი გამოცდილება და დაგეხმაროთ გარკვევაში. იგივე მოდელი ან მსგავსი შესაძლებელია გამოიყენოთ საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნები ძალიან მსგავსია ორგანიზაციულ, კულტურულ და საფრთხეების დონეზე. თუ ჩვენ ამ პროექტში წარმატებას მივაღწევთ, შესაძლებელია, რომ საქართველოში უკეთესად მომუშავე მოდელი გქონდეთ.

ეფექტური სისტემის მეორე კომპონენტად დაასახელეთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, როგორ დაეხმარებით ამ მიმართულებით საქართველოს?

კონკრეტული გეგმა გვაქვს. ლიტვაში სიდიდით მეორე ქალაქში ვქმნით  რეგიონალური კიბერუსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრს. აქ გვექნება წვრთნების დეპარტამენტი. მუშაობას ამერიკელებთან ერთად ვცდილობთ. არსებობს იდეა, რომ გარკვეული აქტივობები პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ. ამიტომ შეგვეძლება ვანახოთ, ავუხსნათ და გავუზიაროთ, თუ როგორ უნდა შექმნათ ეს ინსტრუმენტები, როგორ უნდა შექმნათ ეს სპეციალური სენსორები საფრთხეების უკეთესად აღმოსაჩენად. თუ საქართველო შეძლებს ამ პროექტში მონაწილეობას, სარგებელს მიიღებთ.

რამდენად ხელმისაწვდომია ამ ინსტრუმენტების შექმნა საქართველოსთვის ფინანსური თვალსაზრისით?

ეს არ არის ძვირი. ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანი და მისი ტვინია. შენ ინვესტიციას დებ ადამიანებში, რომლებიც დიდ ინსტრუმენტებს ქმნიან. ჩვენ გვყავს მეცნიერები, რომლებიც უნივერსიტეტებში მუშაობენ და მომავალი თაობის საშუალებებს ქმნიან. ეს არ ღირს ისეთი ძვირი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. შეიძლება უფრო მეტი თანხა აღჭურვილობის შესაძენად დახარჯოთ. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, იმის გაცნობიერებაა, რომ აღჭურვილობის ნაწილი მაინც აქ, ადგილზე უნდა განავითაროთ, თქვენივე მოქალაქეების მიერ, რომლებიც აქაურ ორგანიზაციებში იმუშავებენ.

საქართველოს მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულ კიბერუსაფრთხოების 2017-1018 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს უმთავრესი კიბერსაფრთხეა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი იყენებს კიბერშესაძლებლობებს ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში, რაც მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის შეფერხებას და მათი ღირებულებების დისკრედიტაციას საზოგადოებაში. თქვენი აზრით, რა ინსტრუმენტები აქვს საქართველოს ამის წინააღმდეგ, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს ინსტრუმენტები და თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ თვალსაზრისით, რასაც საქართველოს გაუზიარებდით ?

მე მქონდა შესაძლებლობა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია სამოქმედო გეგმასთან ერთად ბოლომდე წავიკითხე. შემიძლია გითხრათ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ეს ძალიან კარგად დაწერილი სტრატეგიაა. ნათლად ხედავთ, სადაა პრობლემა და სად უნდა იყოთ გარკვეული დროის შემდეგ. ლიტვაშიც რუსეთის ფედერაცია დავასახელეთ მთავარ აგრესორად. რუსეთი ცუდად იქცევა ინფორმაციულ დონეზე და, რა თქმა უნდა, უშუალოდ კიბერსივრცეში. ისინი აფინანსებენ ჰაკერების სპეციალურ ჯგუფს, რომლებიც ქმნიან სპეციალურ ვირუსებს და  სამთავრობო ინსტიტუციებიდან, ბიზნესკომპანიებიდან ინფორმაციას იპარავენ… ატყუებენ შენი ქვეყნის მოქალაქეებს.

პირველ ეტაპზე ჩვენ შევქმენით სტრატეგიული კომუნიკაციების ორგანო თავდაცვის სამინისტროში, მათი მთავარი საქმეა მთელი მედიასივრცის მონიტორინგი და ტყუილის აღმოჩენა საწყის ეტაპზე. fake news- ის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი სწრაფად სიმართლის თქმაა. როდესაც ტყუილს აღმოვაჩენთ, იმავე მომენტში მტკიცებულებებით ვეუბნებით ადამიანებს, რომ ეს ტყუილია, რომ რუსეთი ტყუილებს ტირაჟირებს. ადამიანები კითხულობენ და, შესაბამისად, ეს ტყუილები აღარ ადარდებთ.

მე ვიცი, რომ საქართველოც ამავე გზით მიდის, დღეს ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და, როგორც გავიგე, სტრატეგიული კომუნიკაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებს.

თავდაცვის სამინისტროში აღარ იქნება?

შეიძლება ვცდები, მაგრამ დღეს როგორც გავიგე, სამთავრობო ცვლილებებიდან გამომდინარე… ასევე არის შესაძლებლობა, რომ ორი სტრატკომი გქონდეთ, ერთი სამხედრო საკითხებზე და მეორე სამოქალაქო საკითხებზე, რომელიც მოიცავს  დიპლომატიურ, ეკონომიკურ, რელიგიურ საკითხებს. როგორც გავიგე, ეს უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, საუბარია დეპარტამენტზე. ეს ნიშნავს, რომ სწორი გზით მიდიხართ, რადგან მონიტორინგი და სიმართლის თქმა საუკეთესო წამალია პროპაგანდასთან საბრძოლველად.

არსებობს მოსაზრება, რომ დეზინფორმაცია უფრო ეფექტურად ვრცელდება, ვიდრე სიმართლე, იზიარებთ ამ მოსაზრებას? სხვა ზომები არ არსებობს პროპაგანდის წინააღმდეგ?

სტრატეგიული კომუნიკაციები მუშაობს ახალ მეთოდებზე, თუ როგორ უნდა მიაწოდოს ადამიანებს ამბები უფრო გასაგებად და ნათლად. მაგრამ მე მჯერა, რომ სიმართლის თქმა ერთადერთი დემოკრატიული გზაა.

როდესაც სხვა გზაზე გკითხეთ, ვგულისხმობდი, მაგალითად, რუსეთის არხების შეზღუდვას, თვლით თუ არა, რომ ეს ეფექტური გზაა? ამ მხრივ რა გამოცდილება აქვს ლიტვას?

დიახ, ჩვენ გვაქვს ასეთი მექანიზმი და კანონით არსებული შეზღუდვები, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი მედია, რომელიც პროპაგანდას ავრცელებს, დაკარგავს ლიცენზიას და კონკრეტული პროგრამა დაიბლოკება საინფორმაციო ბადიდან.  ეს მუშაობს. ჩვენ გვაქვს სპეციალური კომისია, ისინი იძიებენ პროგრამის შინაარსს და თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს პროპაგანდაა, იბლოკება. ეს ეფექტურად მუშაობს. ეს ეხება იმ არხებს, რომელთა რეტრანსლირებაც ლიტვაში ხდება.

საქართველოში უცხოური ტელეარხებიდან ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი წყაროა სატელიტური თეფშები, ამ რესურს თქვენ როგორ უმკლავდებით?

ამასთან დაკავშირებით ლიტვაში ნაკლები პრობლემაა, რადგან ჩვენ შევქმენით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. ჩემს სახლში არ მჭირდება სატელიტური თეფში არხების მისაღებად. ლიტვაში პრაქტიკულად არავინ იყენებს სატელიტურ თეფშებს.

ეს სტრატეგია ასევე ამბობს, რომ საქართველოს არ გააჩნია კომპლექსური ცოდნა და ინსტიტუციური შესაძლებლობა, რათა ავტონომიურად განავითაროს საკუთარი კიბერშესაძლებლობები, რამდენად ხშირად მომართავს საქართველოს მთავრობა დახმარებისთვის ლიტვას და კონკრეტულად რაში გთხოვთ დახმარებას?

ამას ვერ დავარქმევდი დახმარებას, უფრო თანამშრომლობაა.  კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთი გზა არ არსებობს. საქართველო ძალიან განვითარდა ამ მიმართულებით, გასულ 5 წელიწადში ძალიან კარგი პროგრესი გაქვთ. თქვენი პირველი სტრატეგია დაიწერა 2013 წელს, ახლა ორწლიანი სტრატეგია გაქვთ, პერსონალურად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში ჩართული არიან და ვიცი, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებთ. ჩვენს შორის უფრო თანამშრომლობაა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით. ვერ ვიტყოდი, რომ თქვენ დახმარება გჭირდებათ, თქვენ რჩევები გჭირდებათ, თუ როგორ კეთდება რაღაც წარმატებულად სხვა ქვეყანაში.

დაბოლოს, როგორ შეაფასებდით იმას, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას აჭიანურებს და როგორ შეაფასებდით რუსეთისგან მომავალ სხვა საფრთხეებს ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით?

რუსეთი არასდროს მოქმედებს კონსტრუქციულად და არ ცდილობს კონფლიქტების დემოკრატიული გზით გადაწყვეტას. მათ თავიანთი თავისებური გზა აქვთ, რომლის თანახმადაც ისინი არ ამბობენ სიმართლეს, მიზანმიმართულად ქმნიან ცუდ ინცინდენტებს, აწყობენ პროვოკაციებს, იყენებენ პროპაგანდას. ეს აწუხებს ევროპას და მთელ მსოფლიოს. ამიტომაც აქვს ევროკავშირს და აშშ-ს სანქციები დაწესებული რუსეთისთვის. საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, როგორ ცუდად მოქმედებს რუსეთი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს მიწაზე. ჩვენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს ვუჭერთ მხარს, რომელსაც აქვს უფლება სუვერენიტეტზე. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქის სიკვდილის გაგება. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება იქცევა მის ცხედართან დაკავშირებით, ყველანაირი ადამიანური გაგების მიღმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი