ახალი ამბები

ხუდონჰესის ფასი

8 ოქტომბერი, 2013 • 3037
ხუდონჰესის ფასი

ეკონომიკური ეფექტი

“ეს წაუგებელი პროექტი იქნება”, – ირწმუნება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

გარესმოდაცვითი ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” წარმომადგენლების შეფასებით კი, “პროექტი ცალსახად მომგებიანია ინვესტორისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ სახელმწიფოსთვისაც მომგებიანია”.

“ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, დავა მხარეებს შორის დაიყვანება იმაზე, რომ ინვესტორს მეტი მიაქვს, ვიდრე ეკუთვნის, რომ ალტერნატიული ხარჯი მეტია, რომ არამომგებიანია ეს პროექტი, თუმცა, გაუგებარია შეფასების არგუმენტები”, – აცხადებს ენერგეტიკის საკითხების სპეციალისტი, ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი მურმან მარგველაშვილი.

მისივე თქმით, პრობლემას ის ქმნის, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ენერგეტიკული სტრატეგია, რომელშიც გაწერილი იქნება კრიტერიუმები, თუ რამდენად მომგებიანი უნდა იყოს საინვესტიციო პროექტები, რა უნდა დარჩეს ინვესტორს და რა სარგებელი მიიღოს სახელმწიფომ.

“სარგებელზე სხვადასხვა შეხედულებაა, სწორედ ამიტომ არის საჭირო სტრატეგიის შემუშავება. თუმცა, არა მგონია, რომ ხუდონჰესის პროექტი უნდა გაჩერდეს იქამდე, სანამ ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია შემუშავდება. თავის დროზე, 1980-იან წლებშიც შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ჩვენი საერთო სარგებელი პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა,” – აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტში მითითებულია, რომ ხუდონჰესი ელექტროენერგიის, როგორც შიდა, ასევე, გარე ბაზრებზე, რაეალიზაციიდან ყოველწლიურად 240 მლნ. ლარს მიიღებს.

რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც საქართველოს სახელმწიფო მიიღებს, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტში ეს ციფრებიც გაწერილია:

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს თანხა ექვს წელზე გადანაწილდება და წელიწადში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს დამატებით 1,1%-ით გაზრდის.

ამასთან, ჰესის მშენებლობის ექვსწლიან პერიოდში (2014-2020) ქონების და საშემოსავლო გადასახადის სახით ქვეყნის ბიუჯეტში 157 800 000 ლარი შევა, რაც წელიწადში 26 300 000 ლარია.

2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჰესი ექსპლოატაციაში შევა, სახელმწიფო 10 წელიწადში დაახლოებით 320 მილიონი აშშ დოლარის ეკონომიას გააკეთებს, კერძოდ:

საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ხუდონის ექსპლოატაციის პირველი 10 წლის განმავლობაში ქვეყანა ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში, 133,9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირებულ ფასად 5,84 აშშ ცენტად (9 თეთრი) მიიღებს, რითაც სახელმწიფო წელიწადში 5 570 000 აშშ დოლარის ეკონომიას გააკეთებს ელექტროენერგიის იმპორტზე.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ენგურჰესზე და ვარდნილჰესზე, ხუდონჰესის აგების ეფექტით, დამატებით ყოველწლიურად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამომუშავებას. ამ ელექტროენერგიის ტარიფი  0,011 თეთრად არის განსაზღვრული და მისი მიღებით საქართველო ყოველწლიურად 26 700 000 აშშ  დოლარს დაზოგავს.  

გარდა ამისა, პროექტით დაგეგმილია ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავლის ზრდა, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი კომპანიები ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისაგან პირველი 10 წლის განმავლობაში დამატებით 192 მილიონ აშშ დოლარს მიიღებენ.

ამასთანავე, ხუდონჰესის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ქონების, საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ბიუჯეტში ყოველწლიურად 56 780 000 ლარი შევა.

ხუდონჰესის ელექტროენერგიის პოტენციურ ბაზრად თურქეთი მიიჩნევა, სადაც ხუდონის სადგურის მთლიანი გამომუშავების 90%–ზე მეტი უნდა გავიდეს.

“ექსპორტის შემთხვევაში 1.2 ცენტს გადაიხდის კომპანია ენერგოტრანსისთვის, ეს ნიშნავს დამატებით მილიონობით დოლარს საქართველოს ბიუჯეტში”, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. იგი დარწმუნებულია, რომ თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ხაზების მშენებლობისთვის ქვეყანაში დამატებით 1 მილიარდამდე ინვესტიციების შემოტანაზეც უარს არავინ იტყვის.

“იმ ზარალის ფონზე, რაც აღნიშნული პროექტის განხორციელებით მიადგება რეგიონსა და მთლიანად ქვეყანას, პროექტის სარგებელი მიზერულია,“ – ასეთია  ორგნიზაციის “მწვანე ალტერნატივა” შეფასება.

 

ეკოლოგიური ზიანი

პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი.

მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ხაიშის დასახლების იმ ნაწილზე კი, რომელიც დატბორვის ზოლს ზემოთ რჩება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშის მიხედვით, შეტბორვის შემდეგ მოსალოდნელია თანამედროვე გეოლოგიური პროცესების გააქტიურება.

 

გარემოს დაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ვარაუდობს, რომ დასატბორი ფართობი კიდევ უფრო გაიზრდება.

“გაუგებარია, თუ რა რაოდენობის ტყის ეკოსისტემები განადგურდება/დაიტბორება პროექტის განხორციელების შედეგად. პროექტიდან ცნობილია, რომ ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი იქნება 528 ჰა. მდინარე ენგური მოქცეულია ძალზე დამრეცი ფერდობების მქონე ხეობაში, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ზუსტად 528 ჰა ფართობი დაიტბოროს. ასეთი მეთოდით დასატბორი ფართობის შეფასების გამო არასწორადაა შეფასებული კლიმატის ცვლილების ზეგავლენისა და ბიომრავალფეროვნების შემცირების საკითხები,” – აცხადებენ “მწვანე ალტერნატივაში”.

 

რამდენიმე კვირის წინ წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი დოკუმენტით, ხუდონჰესის მშენებლობით ეკოლოგიური საფრთხეების არეალი ლოკალურია და გარემოზე ზემოქმედება- მინიმალური.

 

მაგალითად, ადგილობრივი კლიმატის ცვლილება, რომელიც ერთ–ერთია იმ ფაქტორებიდან, რომელიც საფრთხედ მიიჩნევა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილისთვის, ნანა ჯანაშიას, გზშ–ს ავტორი ორგანიზაცია CENN-ის ხელმძღვანელის თქმით, უმნიშვნელო და ლოკალური – 1–5 კმ–მდე იქნება.

 

„გარემოსთან დაკავშირებული კვლევები ძალზე არასრულყოფილია და არ იძლევა რეალურ სურათს იმისათვის, რომ შეფასდეს პროექტის განხორციელების შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალი,“ – აცხადებენ „მწვანე ალტერნატივაში“.

 

იმას, რომ წარმოდგენილი გზშ სრულყოფილი არ არის, ამას არც ენერგეტიკის და არც გარემოს დაცვის სამინისტრო უარყოფს. არსებულ დოკუმენტში 100–მდე შენიშვნა გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე გადაუგზავნა ინვესტორ კომპანიას.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის თქმით, პროცედურები ასეთია: გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩასწორებულ და სრულყოფილ ვარიანტს ინვესტორი კომპანია დაახლოებით ერთ თვეში წარმოადგენს. ამავე დროს უნდა წარმოადგინოს მან მოსახლეობის განსახლების სრულყოფილი გეგმა.

 

„მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ პროექტის ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, რომელიც მეორე პლანზე აყენებს ეკოლოგიურ და ეკონომიკურ რისკებს. სახელმწიფო და ინვესტორი კი ირწმუნებიან, რომ კომპენსაციის მიღების შემდეგ გაუმჯობესდება ხაიშის თემის განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები, რადგანაც ისინი შეძლებენ ააშენონ უკეთესი სახლები. ამ ეტაპზე კომპენსაციის ოდენობა ცნობილი არ არის.

 

პროექტით გათვალისწინებულია ხაიშის, გაღმა ხაიშის, დაკარისა და ტობარის მოსახლეობის განსახლება სრულად. დანარჩენი დასახლებებიდან კი მოხდება რამდენიმე ოჯახის განსახლება.

 

სულ საპროექტო არეალში მოქცეულია 184 შინამეურნეობა (769 პირი), რომელიც პროექტის უშუალო ზემოქმედებას განიცდის. პროექტის არეალში ხვდება, ასევე, 14 დასახლება, რომელთაგან ზემოქმედება ვრცელდება 224 საცხოვრებელ სახლზე და მიმდებარე დამხმარე შენობა-ნაგებობეზე.

 

გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი.

აღნიშნული პრობლემების გამო საქართველოში პერმანენტულად იმართება შეხვედრები და აქციები მოწოდებებით – “არა ხუდონჰესს”.

“ყველამ ვიცით, რომ ავტოკატასტროფები ხდება, ადამიანები იღუპებიან, მაგრამ “არა ავტომობილებს” არ ვამბობთ. იგივე ლოგიკაა, როდესაც ვამბობთ – “არა ხუდონჰესს”, – ამბობს ენერგეტიკოსი გიორგი აბულაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოში” ხელმძღვანელი.

„ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტს აქვს უარყოფითი მხარე, ეს არის ლოკალური გარემოს დაზიანება და სოციალური პრობლემების წარმოშობა. დღეს ნაკლები ზიანის მისაღებად ემოციებიდან მუშაობა სხვა ფაზაში უნდა გადავიდეს. ის, თუ არასაკმარისად კარგი პირობები გვეჩვენება ინვესტორის მიერ წარმოდგენილი, ამაზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ამ პროექტს მუშაობა სჭირდება და არა ბრძოლა, სადაც, საბოლოო ჯამში, ერთი მხარე გაიმარჯვებს,” – ამბობს მურმან მარგველაშვილი, ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი.

მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელებაში ეჭვი არ შეაქვს ილია ელოშვილს, რომელიც ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა არსებული პროტესტის გამო უჭირთ, მაგრამ არც იმას მალავს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს სახელმწიფოს, მაინც აშენდება სადგური:

 

“მოსახლეობასთან ძალიან გვიჭირს, ვინც ჯანსაღად ფიქრობს და ჯანსაღი ინტერესები ამოძრავებს, იმათ ჯანსაღად დაველაპარაკებით, ვისაც არაჯანსაღი ინტერესები აქვს, იმათ მივუთითებთ, რომ არაჯანსაღი ინტერესები აქვთ.”

 

ჰიდრორესურსის მნიშვნელობა და ხუდონჰესის როლი ენერგოუსაფრთხოების კუთხით

 

“ხუდონის არაშენებით დღეს ამ ენერგიას ვერ ვითვისებთ, იღვრება ეს წყალი, ძვირფასი რესურსი, რომლის გამოყენებაც აუცილებელია. აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, ჩვენ გვაქვს წყალი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ. ჰიდროპოტენციალი, რომელიც იქ არის, არის ჩვენი ყველასი საერთო სიკეთე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ისევე, როგორც სხვა რესურსები, რომელიც აქვს ქვეყანას. საერთოდ რომ არ გვჭირდებოდეს დღეს, მაინც უნდა განვავითაროთ ეს სფერო, რომელიც ეკონომიკური რესურსია ქვეყნის და სამომავლო პერსპექტივაში აუცილებლად საჭირო იქნება,“ – ამბობს მურმან მარგველაშვილი.

 

“არსებობს გაეროს კვლევები ადამიანების განვითარების ინდექსის შესახებ. ამ კვლევებით დასტურდება, რომ განვითარების ინდექსი პირდაპირ კავშირშია ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობასთან. სამწუხაროდ, ამ კვლევების შედეგებით, საქართველო არის ერთ-ერთ დაბალ საფერხურზე. ელექტროენერგიის არსებობა ნიშნავს კომუნიკაციის მაღალ ხარისხს, კომფორტის დონეს, თანამედროვე განათლების და ა.შ. შესაბამისად, ჰიდრორესურსების გამოყენება თვითმიზანი კი არ არის, ის ერთადერთი რეალური წყაროა ენერგეტიკის განვითარებისა და იმ სიკეთის, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს,” – ამბობს გიორგი აბულაშვილი.

 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს პოტენციალის მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. ხუდონთან ერთად კი  სახელმწიფო რამდენიმე ჰიდროპროექტს გეგმავს.

ენერგეტიკოსების შეფასებით, ენგურჰესზე, რომელიც ქვეყნის 45% ელექტროენერგიის წყაროა,  რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევით გამოწვეული შეფერხების დროს, ხუდონჰესი ნაწილობრივ აანაზღაურებს ენერგიის დანაკლისს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლას.

 

ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში ეს საკითხი ხაზგასმულია და ნათქვამია:  

 

“ენგურის ჰიდროელექტროსადგური იმყოფება სოფელ საბერიოში, გალის რაიონში – რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გალის რაიონის სოფელ რეჩხში არის განლაგებული ენგურის კასკადის მეორე ჰიდროელექტროსადგური ვარდნილჰესი I.

სიტუაციის გართულების შემთხვევაში რუსეთის ძალებს თეორიულად აქვთ საბოტაჟის დაუმორჩილებლობის შესაძლებლობა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში იყო არაერთი ასეთი ფაქტი, როდესაც ენგურჰესის მორიგე პერსონალს აიძულებდნენ არ დამორჩილებოდა საქართველოს ენერგოსისტემის ცენტრალურ სადისპეტჩერო სამსახურს და ხელოვნურად ცდილობდნენ ენერგოსისტემის კოლაფსის პროვოცირებას.

ხუდონჰესის არსებობის შემთხვევაში, აშკარად მცირდება ასეთი დესტრუქციული ქმედების ალბათობის შესაძლებლობაც კი; ენგურჰესზე რაიმე გაუთვალისწინებელ შემთხვევას შეუძლია გამოიწვიოს ენერგიის გამომუშავების შეფერხება, ხუდონჰესი ნაწილობრივ აანაზღაურებს ენერგიის დანაკლისს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლას.”

ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ძირითადად, თურქეთში გავა ექსპორტზე, ზამთრის პერიოდში კი, ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოს მოხმარდება 133,9 მლნ კვტ/სთ ენერგია (ეს არის ხუდონჰესის მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 10%), თუმცა ზამთრის სეზონზე საქართველო 700 მლნ  კვტ/სთ-ს მოიხმარს.

“დღესდღეობით ზამთრის მოხმარება არის 700 მილიონ კვტ/სთ, რომელიც ჩვენ მოგვაქვს, ძირითადად, იმპორტის სახით, ან თბოსადგურების გამომუშავებით, რაც არის ძალიან ძვირი ქვეყნისთვის,”- ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი.

“პროექტი ვერაფრით უზრუნველყოფს ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ზამთარში, ეს სასაცილოა. ამაზე მეტს გვაძლევს 36- მეგავატიანი ზაჰესი და ორთაჭალჰესი ერთობლიობაში,” – ამბობს “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი.

ენერგოდეფიციტის სრულ აღმოფხვრას ზამთრის პერიოდში ხუდონჰესი ვერ შეძლებს, მაგრამ 133,9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიისთვის ქვეყანა, ჯამში, 7.8 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. იგივე მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტის ფასი 13,390 მილიონი აშშ დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ამ კუთხით წელიწადში 5.570 მილიონ აშშ დოლარს დაზოგავს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საჯარო განხილვები უკვე დასრულდა. სვანეთის სოფლებიდან 200–მდე ოჯახის განსახლების გეგმა და, შესაბამისად, კომპენსაციების ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. სულ რამდენიმე თვეში – 1 მარტს, ინვესტორს მშენებლობის ნებართვა უნდა ჰქონდეს უკვე. ნებართვამდე კი – ადგილობრივ მოსახლეობასთან ხელშეკრულებები კომპენსაციების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი