ახალი ამბები

იან კელი: რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად

15 მარტი, 2018 • 2356
იან კელი: რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ რუსეთთან დიალოგთან დაკავშირებით პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება შეაფასა. მედიასთან საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, საქართველომ მოსკოვთან დიალოგის გზების ძიება უნდა განაგრძოს.

“ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების საჭიროებაა. ჩვენ [აშშ-ს] რამდენიმე ზღვა და დიდი ოკეანე გვაშორებს რუსეთისგან, თქვენ კი დიდი საზღვარი გაქვთ. მე მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მათთან დიალოგზე და მესმის მისი იმედგაცრუება, რადგან ჩვენ ბოლო 10 წლის მანძილზე არანაირი პროგრესი არ გვქონია. ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის მცოცავი ბორდერიზაცია, კონტაქტის და ვაჭრობის არქონა. ასევე, ვფიქრობ, თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ: მე 40 წლის განმავლობაში საქმე მქონდა საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან. როდესაც მიდიხარ დიალოგზე, მოვლენებს უნდა შეხედო რეალისტურად. ასევე, ქართულ მხარეს უნდა ჰქონდეს დიალოგი განსაკუთრებით აფხაზეთთან. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, თუმცა სამხრეთ ოსეთთანაც”, – განუცხადა კელიმ “ნეტგაზეთს”.

კითხვაზე, ვისთან უნდა ჰქონდეს დიალოგი ქართულ მხარეს აფხაზეთსა და ცხინვალში, იან კელიმ განაცხადა:

“ხალხთან. რა თქმა უნდა, იქნება საკითხებიც, რომელთა შესახებაც კონტაქტი მოგიწევთ სამოქალაქო ხელისუფლებებთანაც. 

… საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, წარმოადგენს ლოჯისტიკურ ჰაბსა და სავაჭრო კორიდორს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამ ფონზე საქართველოს ტერიტორიების[ოკუპირებული] ნაწილი ამ მომავალს მოშორებულია. ვეთანხმები პრემიერს, რომ უნდა ვცადოთ ახალი მიდგომა. რატომაც არა?”


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 მარტს განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
  • პრემიერის განცხადება გააკრიტიკეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა პრორუსულმა პატრიოტთა ალიანსმა ის დადებითად შეაფასა.
  • ოსურმა მხარემ კვირიკაშვილის ინიციატივას  “სახალისო” უწოდა.
  • საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კი 12 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების პოლიტიკას.
  • ამავე დღეს კვირიკაშვილის განცხადებას რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები მოიწონა და ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული მოლაპარაკების იმედი გამოთქვა.
  • მინისტრთა კაბინეტის წევრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია დიალოგზე აფხაზებთან და ოსებთან – ყველა იმ არაპოლიტიზებულ ფორმატში, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების ჩართულობის და შერიგების ამოცანები.

მასალების გადაბეჭდვის წესი