“წყალში გადაყრილი $200 000” – რა ბედი ეწია “ვეტერანების სოფლის” პროექტს

გარდაბანში “ვეტერანების სოფლის” პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შექმნაში სახელმწიფომ 2015 წელს 200 000 აშშ დოლარი დახარჯა, შემდეგ კი მის განხორციელებაზე უარი თქვა.

“ვეტერანების სოფელი” გარდაბანში, სადაც პროექტის მიხედვით, 500-ზე მეტი ოჯახი დასახლდებოდა და სოფლის მეურნეობაში ჩაერთვებოდა, კვლავ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

პროექტის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გარდაბანში ომის ვეტერანებისთვის უნდა შექმნილიყო სოფელი, რომელიც, მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი ტიპის დასახლებების ჩამოყალიბების მოდელად იქცეოდა. მისი სტრუქტურა უნდა დაფუძნებოდა ისრაელის მოდელს “მოშავ”-ი, მაგრამ მისადაგებული უნდა ყოფილიყო მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჭიროებებთან. “მოშავ”-ი – მცირე საოჯახო მეურნეობების მესაკუთრეთა კოოპერატივია. პირველი “მოშავ”-ი 1921 წელს შეიქმნა, 1986 წლისთვის ისრაელში  448 ასეთი დასახლება არსებობდა სადაც, დაახლოებით 156 700 ადამიანი ცხოვრობდა და მუშაობდა.

როგორც ნეტგაზეთთან საუბრისას ბიზნესმენი რაფაელ მაღალაშვილი ამბობს, ეს იყო დიდი პროექტი, რომელიც გულისხმობდა საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანებით დასახლებული სოფლების აშენებას, სოფლის მეურნეობის ყველა სეგმენტში მათ ჩართვას, პროდუქტის გაყიდვას და შემოსავლის მიღებას. რაფაელ მაღალაშვილის თქმით, იგი 47 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ისრაელში და გააჩნდა საკმარისი კონტაქტები და ჰქონდა პროექტები, რათა ვეტერანები დაესაქმებინა, აემუშავებინა მეურნეობა სასოფლო დასახლებაში და პროდუქტი გასაყიდად გაეტანათ.  ვეტერანთა სოფლები 15 წლის განმავლობაში “ფორტუნა ჰოლდინგს” (რეგისტრირებული ნიდერლანდებში) თავმჯდომარეებს უნდა ემართათ, ვიდრე ადგილობრივ მენეჯერებს შეასწავლიდნენ საქმეს.

რაფაელ მაღალაშვული გვეუბნება, რომ ამ პროექტის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოში მსოფლიო ბრენდების, მათ შორის “ლიდლის” სუპერმარკეტების ქსელის შემოყვანაზეც, ასევე, შეღავათიან ფასში თბილისში ელექტრო და ჰიბრიდული ტაქსების შემოყვანაზე, რომლებზეც, ვეტერანები დასაქმდებოდნენ. ამ პროექტის განსახორციელებლად, მისი თქმით, თანხას დაბალპროცენტიანი სესხით  ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომანია “ფორტუნა ჰოლდინგი” ასესხებდა.

საპილოტე პროექტის ტერნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი, რომელიც ნეტგაზეთს რაფაელ მაღალაშვილმა მიაწოდა

პროექტის ღირებულება რძის საწარმოს, სათბურების, გამწვანებისა და  საჭირო აღჭურვილობების ჩათვლით 60 მილიონი აშშ დოლარი იყო, მთლიანად პროექტის ჯამური ღირებულება – 75 მილიონი დოლარი.

“ფორტუნა ჰოლდინგსი” სახელმწიფოს სთავაზობდა, რომ პროექტის ღირებულების 85-100%-ს საერთაშორისო ბანკისგან მიღებული სესხით თავად მოიძიებდა, თუმცა გარანტორი ფინანსთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო. მაღალაშვილის განმარტებითი,  სესხი ეტაპობრივად ვეტერანების სოფლების მეურნეობებიდან მიღებული მოგებიდან დაიფარებოდა.

რაფაელ მაღალაშვილი ნეტგაზეთს უყვება, რომ 2015 წელს ეს იდეა პრემიერი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობამ მოიწონა და საპილოტე პროქტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩასატარებლად 200 000 აშშ დოლარიც გამოყო. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და პროექტზე უარი თქვეს.

“ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, ამ პროექტის გარეშე ვერ განვითარდება. მათ რომ ამ პროექტის არ სჯეროდეთ, არ გადაიხდიდნენ 200 000 დოლარს და ტყუილად წყალში არ გადაყრიდნენ? ….რატომ არ მოეწერა ხელშეკრულებას ხელი და რატომ არ განხორციელდა ის პროექტი? ჩემთვის გაუგებარია. არც კი გვითხრეს, არც არა,”- ამბობს რაფაელ მაღალაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

კითხვაზე, თუ რა იყო “ფორტუნა ჰოლდინგის” ინტერესი, რომ აქ პროექტები განეხორციელებინა, მან გვიპასუხა, რომ იაფი კრედიტის შემოტანის მიზეზი ფინანსური ინტერესი იყო:

“ფინანსური იტერესები იმაში გამოიხატებიდა, რომ ჩვენ მოგვქონდა ეს ფული ამ სოფლების აგებაში, რა თქმა უნდა, მოგება იქნებოდა, ჩვენ, ფორტუნა ჰოლდინგსი განახორცილებდა მათ მშენებლობას, მენეჯმენტს… მე შევდივარ ფორტუნა ჰოლდინგის ჯგუფში, ასე რომ არავითარი სხვა ინტერესი არ მაქვს,”- განაცხადა რაფაელ მაღალაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას. 

ნეტგაზეთმა პროექტის თაობაზე კითხვით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მიმართა, საიდანაც, საპარტნიორო ფონდსა და ვეტერანების სამსახურში გადაგვამისამართეს. ნეტგაზეთს საპარტნიორო ფონდიდან მისწერეს, რომ გარდა საპილოტე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების საფასურის დაფარვისა, მთავრობის მხრიდან სხვა დავალება ფონდს არ მიუღია,  შესაბამისად პროექტის დაწყება, მისი შემდგომი განვითარება, კონტროლი ან მონიტორინგი არ წარმოადგენდა ფონდის ვალდებულებას და კომპეტენციას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში კი გვიპასუხეს, რომ ამ პროექტის განხორციელებაზე უარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის გამო თქვეს:

“ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები, 2015 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე ცნობად მიიღო ეკონომიკურმა საბჭომ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო შემდგომი ღონისძიებების გატარება.

სამსახურმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის მიზნით გაუგზავნა საქართველოს შესაბამის სამინისტროებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა უარყოფითი დასკვნა პროექტის შესახებ, კერძოდ სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება,”- გვაცნობეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი