ახალი ამბებისამართალი

მთავრობას პროსტიტუციასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება სურს

15 მარტი, 2018 • 2840
მთავრობას პროსტიტუციასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება სურს

საქართველოს მთავრობას პროსტიტუციასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება სურს. მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დაარეგისტრირა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ეხებათ იმ პირებს, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით პროსტიტუციაში ადამიანების ჩართვას ხელს უწყობენ. კერძოდ, კანონპროექტში საუბარია იმის შესახებ, რომ ბარის, კლუბის ან რესტორნის მეპატრონე, მენეჯერი ან  მათთან დაკავშირებული პირები პროსტიტუციას ხელს უწყობენ არა იმით, რომ ადგილს გადასცემენ, არამედ ამ ადგილებში სექსსმუშაკები და კლიენტები ერთმანეთს ხვდებიან და თანხმდებიან მომსახურებაზე.

“კანონპროექტის მიზანია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევა, არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმისგან დაცვა და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის პრევენცია, აგრეთვე, შესაბამის დანაშაულთა ზუსტი კვალიფიკაცია”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, პროსტიტუციის ხელშეწყობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობისთვის სასჯელი, რაც მოქმედი რედაქციით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, სამ წლამდე გაიზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, ჯგუფის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობაზე სასჯელი 3–6 წელი იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, იმ მუხლებში, რომლებიც ეხება ტრეფიკინგს, დამამძიმებელ გარემოებად ჩაემატება “წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ” ტრეფიკინგის ხელშეწყობა. კანონპროექტში განმარტავენ, რომ მოქმედ რედაქციაში მხოლოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული მიიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად, მაშინ, როდესაც შესაძლოა ტრეფიკინგის ჩასადენად წინასწარ შეკავშირდნენ ადამიანები, თუმცა არ ჰქონდეთ დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნიშნები და კანონმდებლობის მიხედვით დამამძიმებელ გარემოებად არ ჩაითვლება.

კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 11 (1), 143 (1), 143 (2), 143 (3), 171–ე, 253–ე, 254–ე, 255(1), 376–ე მუხლებს. კანონპროექტის მიხედვით შეთავაზებულია:

  • 254–ე მუხლს დაერქვას “პროსტიტუციის ხელშეწყობა” და მის პირველ ნაწილში დანაშაულად გამოცხადდება “„პირის დაყოლიება პროსტიტუციაზე ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში
  • ამ მუხლის მე-2 ნაწილში კი დანაშაულად დარჩება ის ქმედება, რომელიც დღეს მოქმედი 254-ე მუხლით ისედაც არის დანაშაულად გამოცხადებული – „პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა”
  • 171-ე მუხლის მე-3 ნაწილს ამოიღებენ (არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გარეშე), რადგან იგივე შინაარსი კანონპროექტის 254–ე მუხლში იქნება ჩადებული.
  • 254-ე მუხლის მე-3 ნაწილში, სხვა დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული იქნება ამგვარი ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
  • 376-ე მუხლში, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაცვლად, მიეთითება 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
  • მოქმედი რედაქციის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, იზრდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
  • 253-ე მუხლის მე-2 ნაწილში არსებული სიტყვები „ორგანიზებული ჯგუფის მიერ“ იცვლება სიტყვებით „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფი მიერ“.

საკომიტეტო მოსმენების სავარაუდო თარიღად 16 მარტია დანიშნული, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გატანას 21 მარტიდან გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი