დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: რუსეთი უნდა გაჩუმდეს და წავიდეს

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს რუსეთმა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა გაჩუმდეს და წავიდეს (“Go away and shut up”). ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა გარდიანი ავრცელებს.

გევინ უილიამსონის თქმით, ბრიტანეთი დააკვირდება, როგორ უპასუხებს მათ მიერ დაკისრებულ სანქციებს რუსეთის ფედერაცია:

“ჩვენ დავაკრივდებით, როგორ უპასუხებს რუსეთი ჩვენს ქმედებებს. თუმცა ის, რაც რუსეთმა ჩაიდინა, საშინელი და აღმაშფოთებელი იყო – ჩვენ ამას ვუპასუხეთ” – თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ულიამსონმა კრემლის პოლიტიკაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ეკნომიკური ზეწოლის მიუხედავად, რუსეთი განარძობს მილიტარისტული დანახარჯებისთვის პრიორიტის მინიჭებას და ფულს რაკეტების შექმნაში, T-90 სერიის ტანკების წარმოებაში, წყალქვეშა ხომალდების აღჭურვაში, ბალისტიკურ რაკეტებში და ბირთვულ სისტემებში აბანდებს.

“რაც ნათელია, კრემლი იყენებს მის მზარდ ჰიბრიდულ შესაძლებლობებს, რათა ზიანი მიაყენოს და გავლენა მოიპოვოს სხვა ქვეყნებზე” – ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი.

გევინ უილიამსონმა ასევე დააანონსა ქიმიური თავდაცვის ცენტრის შექმნაც”პორტ დაუნის” სამხედრო ბაზაზე და განაცხადა, რომ ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი სურვილის შემთხვევაში მიიღებს ციმბირული წყლულის ვაქცინებს, რათა ქიმიური  თავდასხმის შემთხვევაში, სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ უახლოეს მომავალში რუსეთი ქვეყნიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

14 მარტს ტერეზა მეიმ ის სანქციები დაასახელა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს დაუწესებს. 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებისა და მთავრობის მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების გარდა, ბრიტანეთი აძლიერებს კონტროლს რუსეთიდან კერძო ფრენებსა და ტვირთებზე.

ტერეზა მეის თქმით, ასევე გაიყინება რუსეთის სახელმწიფოს ყველა აქტივი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ემუქრებოდეს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების სიცოცხლეს ან საკუთრების უფლებას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე შეჩერდება მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის.

გუშინ, 13 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი  შვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა. ტერეზა მეიმ რუსულ მხარეს მოსთხოვა, შუაღამემდე მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლვა. ეს ინფორმაცია რუსეთმა დიდ ბრიტანეთს აღნიშნულ ვადაში არ მიაწოდა.

რუსეთი დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს უარყოფს. ლავროვმა ტერეზა მეის შეშლილიც უწოდა.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.