ახალი ამბებისაზოგადოება

ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც სახლი დაატოვებინეს: თითქოს აღარ ვარსებობ, არც მიარსებია

15 მარტი, 2018 • 3364
ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც სახლი დაატოვებინეს: თითქოს აღარ ვარსებობ, არც მიარსებია

სამჯერ გადაატრიალა შემოსასვლელ კარში გასაღები, მერე სახელურს მოქაჩა და გადაამოწმა, ხომ ნამდვილად ჩავკეტეო და ღიმილიანი სახით მოკალათდა სავარძელში. ნანა 22 წლის ქალია და ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. ნანას ვეუბნები, რომ განსაკუთრებით მისი ოჯახთან, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობა მაინტერესებს. მითხრა, რომ ეს ურთიერთობები წარსულში დარჩა. ნანას წარსულზე საუბარი უჭირს. ინტერვიუს დროს ხშირად გადმოდის წარსულიდან დღევანდელობაში. მისთვის ცხოვრება ახლა მხოლოდ აწმყოა.

ნანა საკუთარ ტრაგიკულ ისტორიებს ისე ყვება, თითქოს ახლახანს რომელიმე ფილმში ნახა, ან წიგნში ამოიკითხა. მითხრა, რომ მოსწონს, როცა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების შორიდან დანახვა შეუძლია. მერე ყავა მოსვა, თვალები აუწყლიანდა და ბავშვობიდან დაიწყო…

[blue_box]მამა მცემდა, მე შენ ბიჭად გაგაჩინეო. დედამ – ალბათ აღზრდაში დავუშვი შეცდომაო [/blue_box]

არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როცა ჩემი დის ტანსაცმლის ჩაცმა მომინდა. რამდენჯერმე სახლში მარტო დავრჩი და ჩუმად ჩავიცვი მისი ტანსაცმელი. და ჩემზე ერთი წლით უფროსია, მომერგო მისი ფეხსაცმელიც. დავბაკუნობდი სიხარულით ერთი ოთახიდან მეორეში. ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ ჩემში ქალი იყო…

ჩემი ოჯახი ქობულეთშია, ერთ-ერთ სოფელში. ბედნიერად ვცხოვრობდით მე, ჩემი და, დედა და მამა. მინდოდა მეთქვა, რომ გოგო ვიყავი, მაგრამ ვერ ვბედავდი. თმების შეჭრა არ მინდოდა და ქცევებიც ისეთი მქონდა. დედა მტუქსავდა ხშირად, ასე რატომ იქცევიო. 15 წლის ვიყავი, როცა ჩემს დას ვუთხარი, შენს ტანსაცმელს მეც ვიცვამ-მეთქი. გაგიჟდა. მეგონა, ძმა მყავს და ეს რა არისო. დედას და მამას უთხრა.

მამამ იმ საღამოს მცემა პირველად… ახლა ამის გახსენება არ მინდა. მიყვიროდა, მე შენ ბიჭად გაგაჩინე და გოგო როგორ უნდა იყოო. დედა ვერაფერს ამბობდა. მახსოვს, ხშირად იმეორებდა, ალბათ აღზრდაში დავუშვი რაღაც შეცდომაო. მამამ გადაწყვიტა, რომ ცემა გამოიღებდა შედეგს და ხშირად მცემდა. სახლში მისვლა უკვე აუტანელი გახდა და ნათესავთან გადავედი ისევ ჩემს სოფელში… იქ მითხრეს, ეს იქნება შენი დივანი, აქ დაიძინებ და დღისით სკოლაში ივლიო.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, კარგად დავამთავრე. ძალიან მიყვარდა თემების წერა, ხატვა. ბიჭებთან მეგობრობას ვერ ვახერხებდი. დამცინოდნენ, ქალოია ხარო, რატომ არ ძმაკაცობ ჩვენთანო, „პიდარასტი“ ხარო. მასწავლებლებიც დამცინოდნენ, დირექტორიც… მხოლოდ მანდატური მექომაგებოდა, კიდევ ერთი კლასელი, ელენე ერქვა. ის ეუბნებოდა ყველას, რას ერჩით, გიშავებთ ეს ბავშვი რამესო? დავიღალე და საბოლოოდ გამოვიკეტე საკუთარ თავში. აღარ ვსაუბრობდი, არც ვეკამათებოდი ვინმეს, აღარავისთან ვმეგობრობდი. მაშინ თემების წერა დავიწყე.

ერთხელ, ქართულის გაკვეთილზე თავისუფალი თემა დავწერე. მასწავლებელს გული აუჩუყდა, ძალიან მოეწონა და თემის ხმამაღლა წაკითხვა გადაწყვიტა. კლასელებმა სიცილი დაიწყეს… ის გაბრაზდა, რომ არ მოუსმინეს. საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და კლასიდან გავიდა.

მერე აღარც თემების დაწერა მინდოდა. აღარ მინდოდა, ისევ დაცინვის ობიექტი გავმხდარიყავი.

ფსიქოლოგობა მომინდა მაგ დროს. ვფიქრობდი, რომ გავხდებოდი ძალიან კარგი ფსიქოლოგი და ვიქნებოდი ბედნიერი. საბოლოოდ, როცა სკოლა დავასრულე, მივხვდი, რომ აღარ შემეძლო კიდევ ახალ საზოგადოებაში შესვლა, უნივერსიტეტში, სადაც დამცინებდნენ,  წამიკითხავდნენ მორალს, რომ თურმე ღმერთმა ბიჭად გამაჩინა.

სოფლიდან წამოსვლამდე დედასთან ვისაუბრე. მითხრა, რომ ასეთს ვერ მიმიღებდა და თუ შევიცვლებოდი, შემეძლო ოჯახში დარჩენა. ვუთხარი, რომ გოგო ვარ. მითხრა, წადი და დაგვივიწყე, აქეთ საერთოდ აღარ გამოიხედოო.

მეორე დღეს ჩემი კლასის გამოსაშვები ბანკეტი იყო. იქ აღარ წავსულვარ. ტანსაცმელი ჩავალაგე და წამოვედი.

[blue_box]5 წელია არ მინახავს ოჯახი – დამ ერთხელ მომიკითხა, ისიც სხვისი სახელით [/blue_box]

ბათუმში ნათესავთან ჩამოვედი. ისინი არ მკიცხავდნენ, არც  მეჩხუბებოდნენ, მაგრამ ვატყობდი, რომ არ სიამოვნებდათ ჩემი იქ ყოფნა. როგორც კი სამსახური ვიშოვე, ქირით ავიღე ბინა და გადავედი. ბიძაშვილები, ვისთანაც ვცხოვრობდი, ქუჩაში მხვდებიან. ხან ისინი მარიდებენ თვალს, ხან – მე. ვიცი, რომ მათ ეს არ ესიამოვნებათ. არადა, მე ყველა მენატრება.

მუშაობა მიმტანად დავიწყე. მერე თანდათან უფრო რთული გახდა დასაქმება, როცა ქალის ტანსაცმელი ჩავიცვი და თმებიც შევიღებე. როცა დამსაქმებელი ეჭვდებოდა, ქალი ვიყავი ნამდვილად თუ არა, პასპორტს მთხოვდა. პასპორტში ახლაც მიწერია, რომ მამაკაცი ვარ. ტრანსგენდერი ჩვენ არ გვინდაო, მეუბნებოდა ზოგი, უმრავლესობის პასუხი კი იყო ის, რომ მოგვიანებით დამირეკავდა.

ასე მიშორებდნენ თავიდან.

იგივე მეორდება ბინის დაქირავების დროს. თუ გაიგეს, რომ ტრანსგენდერი ვარ, მაშინვე უარს მეუბნებიან. ახლა ამ ბინაში ჯერ არავინ იცის, რომ ტრასნგენდერი ვარ, არც გამომწვევად ვიცვამ, ვინმეს ყურადღება რომ არ მივიქციო.

პროსტიტუციაში ჩავები, რადგან თავის გატანა შეუძლებელი გახდა. ტრანსგენდერები, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ვმუშაობთ. გვიდევს ფოტოები და პირობები. კლიენტი საკმაოდ ბევრია, მაგრამ ხშირად ხდები ძალადობის, ცემის, გინების ობიექტი…

5 წელია ჩემი ოჯახის წევრებიდან არავინ მინახავს. დედაჩემმა, როგორც ვიცი, მაინც ძალიან ბევრი ინერვიულა ჩემზე და ბოლოს საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. ჩემი და გათხოვდა და ახლა სიძე ჩვენს სახლში ცხოვრობს. დისშვილიც მყავს. ფოტოებს ფეისბუქში ვნახულობ. ფიზიკურად არავინ მინახავს.

ნათესავებიდან მხოლოდ ერთი ბიძაშვილი გოგო მწერს, ის კითხულობს ჩემს ამბავს. ერთხელ მომწერა, შენი და გწერდა ახლა ჩემი სახელით, მას აინტერესებდა შენი ამბავიო.  იმ საღამოს ისიც მომწერა ბიძაშვილმა, რომ ჩემი უსაყვარლესი ძაღლი მოკვდა. ის ერთადერთი იყო, რაც ჩემი იყო ოჯახში. ჩემი წამოსვლის შემდეგ სახლში ყველა ჩემი ნივთი დაწვეს, გაანადგურეს, დამარხეს.

თითქოს აღარ ვარსებობ, არც მიარსებია არასოდეს.

არადა, იცით, როგორ მენატრება ხანდახან ჩემი საწოლი, რომელიც ფანჯარასთან იდგა? როგორ მენატრება იმ პურის სუნი, რომელსაც დედაჩემი აცხობდა…

[blue_box]პოლიციის გამოძახებას აზრი არ აქვს, დაგვცინიან, მაგრამ მაინც ყოველთვის ვიძახებ[/blue_box]

ბოლოს პოლიციას რამდენიმე დღის წინ დავურეკე. ერთმა კლიენტმა მანქანით გაყოლა მთხოვა, ბათუმელი იყო. მთაში წამიყვანა. სექსუალური კონტაქტის დამყარების შემდეგ, მანქანიდან გადმომაგდო და არც ფული გადამიხადა. ღამის სამი იქნებოდა… ძალიან თხლად მეცვა, კინაღამ გავიყინე. არ ვიცოდი, რა მექნა, წამოვედი, მაგრამ გზას ვეღარ ვაგნებდი. ბოლოს, როგორც იქნა, პოლიციას დავურეკე და იმათ ჩამომიყვანეს ქალაქში. პოლიციას მანქანის ნომერიც ვუთხარი და იმ კაცის ტელეფონის ნომერიც. მითხრეს, ყველაფერს გამოვიძიებთო. ვნახოთ.

პოლიციელებს ხშირად ვიძახებთ. ისინი ყოველთვის მოდიან, მაგრამ დაგვცინიან, ხან ღიად, ხან – ჩუმად. ამას წინათ ბულვარში ვიყავით გოგოები. კლუბიდან გამოვიდა რამდენიმე ბიჭი და ვაიმე, რა მაგარი გოგოებიო და ჩვენსკენ წამოვიდნენ. მერე მიხვდნენ, რომ ტრანსგენდერები ვიყავით და მაშინვე გინება დაგვიწყეს. ჩვენ ბათუმელები ვართ და აქ ყოფნის უფლებას არ გაძლევთო. პოლიციას როცა დავურეკე, ცემა დაგვიწყეს. პოლიციელებმა ის ბიჭები მანქანაში ჩასვეს, მაგრამ დავინახეთ, მეორე ქუჩის ბოლოში როგორ გადმოსვეს.

არ მახხოვს, რომელიმე შემთხვევაზე ვინმე დაესაჯათ, თუმცა ერთი იყო – თბილისში ვმუშაობდი რამდენიმე თვე. იქ კლიენტმა ფული წამართვა და მობილური ტელეფონიც. სასამართლო პროცესი გაიმართა, მივეცი ჩვენება. საბოლოოდ ძარცვა დადასტურდა და იმ ბიჭს მიუსაჯეს.

[blue_box]არა, აგრესიის კუთხით არაფერი შეცვლილა[/blue_box]

თქვენ არ იცით, რამდენი კლიენტი მყოლია, რომელიც  მხოლოდ სალაპარაკოდ მხვდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსსექსუალი ნახოს. ამას წინათ ერთმა კაცმა ყავა ამოიტანა და ვისაუბრეთ. მითხრა, ტელევიზორში კი მინახავს ტრანსები, მაგრამ მართლა ასე თუ იყო რეალობაში, ვერ წარმომედგინაო. ტელევიზიებში გამოჩენა არ მიყვარს. რამდენჯერმე შემთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი.

ხშირად ბიჭები ერთად შეიკრიბებიან და გირეკავენ ან გხვდებიან მარტო იმიტომ, რომ იღადაონ, დაგცინონ, დაგამცირონ. ასეთ ბიჭებს დარეკვისთანავე ვცნობ და მაშინვე ვბლოკავ. მაინც ხშირად ვხდებით აგრესიის მსხვერპლი…

[blue_box]ძალიან მინდა, ქმარი მყავდეს, ოჯახი და მშვიდად ვიცხოვრო[/blue_box]

ამბობენ, რომ თითქოს სექსუალური უმცირესობის კუთხით აგრესია შემცირდა. არ არის ეს სიმართლე, არაფერი შეცვლილა. ადამიანები ისევ მზად არიან, ჩამქოლონ, დამამცირონ, წიხლი მირტყან, გამანადგურონ. მათთვის მთავარია, როგორმე უბედურად მაგრძნობინონ თავი. არ ვიცი, რატომ ურჩევნიათ უბედური მნახონ, ატირებული და დამარცხებული.

მაღაზიაშიც ხშირად მიგვრძნია, როგორ ჩურჩულებენ ჩემს უკან, ეს გოგო არ არის, დააკვირდიო. ხანდახან უკან ვიხედები ამ დროს და თვალს თვალში ვუყრი.

ადრე მეშინოდა. გარეთაც იშვიათად გავდიოდი. ვიცოდი, სად იყო მაღაზია, რომელიც ღამითაც მუშაობდა და გარედან ვზვერავდი. როცა დავრწმუნდებოდი, რომ შიგნით აღარავინ იყო, მერე შევდიოდი. ეს თავდასხმა და ტალახის სროლა ყველა ნაბიჯზე იყო ადრე, ახლაც ასეა. უბრალოდ, მე რაღაცებს შევეგუე. ესაა.

ახლა მზად ვარ, რომ ქუჩაში შეიძლება ნებისმიერ დროს თავს დამესხან, მზად ვარ, რომ ვიღაც ქუჩაში აბუჩად ამიგდებს, რაღაცას მესვრის, ჭკუას მასწავლის, მეტყვის, რომ ღმერთმა ბიჭად გამაჩინა…

სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი