BBC: ბოთლებში დაფასოებულ წყალში პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს

პლასტმასის ბოთლებში დაფასოებული წყლის კვლევამ, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში წარმოებული 250 ბოთლი შეისწავლეს, აჩვენა, რომ მათი უმეტესობა პლასტმასის უმცირეს ნაწილაკებს შეიცავს.

კვლევით, რომელიც  Orb Media-მ მოამზადა, დადგინდა, რომ პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის ერთი ლიტრი საშუალოდ 10 პლასტმასის ნაწილაკს შეიცავს და თითოული მათგანი სიგანით აჭარბებს ადამიანის თმის ღერს.

მიუხედავად ამ აღმოჩენისა, კომპანიებში ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქცია სტანდარტების სრული დაცვით მზადდება.

ამ ეტაპზე, არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ პლასტმასის მიკრონაწილაკებს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია, თუმცა პოტენციურ საფრთხეებს მეცნიერები აქტიურად სწავლობენ.

როგორც BBC ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, კვლევის შედეგები კატასტროფული არაა, თუმცა დაფიქრებად ნამდვილად ღირს.

“ჩვენ კონკრეტული ბრენდებისკენ ხელს არ ვიშვერთ. კვლევა იმის ჩვენებას ემსახურება, რომ ასეთი ნაწილაკები ყველგანაა, რადგან პლასტმასი დიდ ადგილს იკავებს ჩვენს საზოგადოებაში” – ამბობენ კვლევის ავტორები.

ექსპერტებმაბ BBC-ის ასევე განუცხადეს, რომ განვითარებად ქვეყნებში ონკანის წყალი შეიძლება მეტ დამაბინძურებელ ნივთიერებას შეიცავდეს. ამიტომ ისეთი რეგიონების მცხოვრებლებს, რომელთა ქალაქებშიც ასეთი დაბინძურების რისკი მაღალია – ურჩევენ, კვლავ პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი დალიონ.

ბოთლის წყლის კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა 11 ბრენდის წყალი შეიძინეს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. გარდა ამისა, შეამოწმეს ისეთ ქვეყნებში წარმოებული წყალი, რომელთა პოპულაციაც მაღალია ან დიდი რაოდენობით ბოთლის წყალს მიირთმევენ:

საერთაშორისო ბრენდებიდან კვლევა ჩაუტარდა შემდეგ ბრენდებს:

  • Aquafina
  • Dasani
  • Evian
  • Nestle Pure Life
  • San Pellegrino

ასევე დიდ ადგილობრივ კომპანიებს:

  • Aqua (ინფონეზია)
  • Bisleri (ინდოეთი)
  • Epura (მექსიკა)
  • Gerolsteiner (გერმანია)
  • Minalba (ბრაზილია)
  • Wahaha (ჩინეთი)

კვლევებში გამოიყენებოდა სპეციალური საღებავი, რომელიც მეცნიერებს ნაწილაკების აღმოჩენაში დაეხმარებოდა. საღებავი ეწებება პლასტმასის მოტივტივე ნაწილაკებს და სპეციალური განათების ფონზე მათ გამოკვეთს.

კვლევის ავტორებმა შეღებეს ნიმუშები და დაითვალეს ყველა ნაწილაკი, როომელთა დიამეტრი 100 მიკრონს აჭარბებდა, რაც დაახლოებით ადამაინის თმის ღერის გარშემოწერილობის ტოლია.

კვლევით დადგინდა, რომ გამოკვლეული ბრენდების 93 პროცენტი მიკროსკოპულ ნაწილაკებს შეიცავდა, თითო ლიტრი 100 მიკრონზე დიდი მოცულობის (თმის ღერის დაახლოებითი გარშემოწერილობა) 10,4 ნაწილაკს შეიცავდა, უფრო მცირე ზომის კი 314 იყო.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ზოგიერთი ნაწილაკი საკმაოდ დიდი იყო  და მისი წყლიდან ამოღება ხელით ხელით იყო შესაძლებელი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.