ნარკოტიკული მედიკამენტებისა და პნევმატური იარაღის შემოტანის მცდელობა საბაჟო გამშვებ პუნქტებში

1 – 13 მარტს  საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სადახლო-საავტომობილო“, „თბილისის აეროპორტი“, „წითელი ხიდი“ და „ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის, საქართველოს, ირანის, სომხეთისა და ისრაელის მოქალაქეების ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (190 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (2.85 გრ.) აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, 10-11 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტებში, „ვალე“ და „ყაზბეგი“,  პნევმატური იარაღისა და ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების უ.ო-სა და გ.ჰ-ს კუთვნილი ავტომობილების დათვალიერებისას პნევმატური იარაღი, 10 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 9 ცალი გაზის ბალონი, 1 კოლოფი „შარიკის“ ტყვიები და 3 ცალი გლუვლულიანი სანადირო თოფის ვაზნა აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან