ახალი ამბები

EMC: მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ექსპერტიზა ხარვეზებით ჩატარდა

15 მარტი, 2018 • 2119
EMC: მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ექსპერტიზა ხარვეზებით ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უახლესი ექსპერტიზის შედეგებს აფასებს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში შესაბამისი ექსპერტიზა ხარვეზებით ჩატარდა. EMC-ის განაცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზისთვის შეუძლებელი იყო სროლის მანძილის ზუსტი განსაზღვრა, დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან არ განხორციელებულა:

“საქმის მასალებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილიდან იმთავითვე არ იყო ამოღებული მასრა, რამაც არსებითად გაართულა სროლის მანძილის განსაზღვრა. სუს-ის განმარტებით, მასრის შემთხვევის ადგილიდან ამოღების პრობლემა დაკავშირებული იყო იარაღის ნაწილის დაზიანებასთან, რამაც ავტომატში მასრის გაჭედვა გამოიწვია” – წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის სარწმუნოობის, შესაძლო დაზიანების მიზეზებისა და ეფექტის შესასწავლად ოჯახის ადვოკატებმა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა და სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის სპეცრაზმის ხელმძღვანელის მიერ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისთვის მასრის წარდგენის შემდეგ, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ მოგვიანებით შესაძელებელი გახადა კონკრეტული ცეცხლსასროლი იარაღის ზუსტი განსაზღვრა.

EMC-ის განცხადებით, ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის საშუალებით ასევე განისაზღვრა მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარის სახე. თუმცა, სუს-ის გადაწყვეტილებით, ხელყუმბარის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ფარგლებში ის 2018 წლის 19 იანვარს ააფეთქეს:

“განსახილველი საქმის სამართლებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეუსაბამო და არაგონივრულია,  რადგან ხელყუმბარის ვარგისიანობის დადგენის გარემოებას პირდაპირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს საქმის შედეგთან. ამგვარი ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც, გამოძიებას ხელყუმბარის ვარგისიანობის შემოწმება გამოძიების ბოლო ეტაპზე შეეძლო” – წერს EMC საკუთარ განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს მოქმედება აჩენს ეჭვებს ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ხელოვნურად განადგურებაზე. ამასთანავე, ოჯახის ადვოკატებს სრულად ართმევს ხელყუმბარაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას.

ამასთანავე, EMC აცხადებს, რომ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით, რომლის გაცნობის შესაძლებლობა EMC-ის ადვოკატს 2018 წლის 13 მარტს მიეცა, დგინდება, რომ თ. მაჩალიკაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზს წარმოადგენს მისთვის 2017 წლის 26 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული დაზიანებები. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამავე ექსპერტიზით ვერ დადგინდა გარემოება, თუ რა მანძილიდან ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილს და გასროლის მომენტში როგორი იყო მისი სხეულის მდებარეობა.

“სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სროლის მანძილის განსაზღვრა შეუძლებელი გახდა თავის არეში მიყენებული დაზიანების ქირურგიული დამუშავების
შედეგად კვალის წაშლისა და ასევე სამედიცინო ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრულყოფილი და ხარვეზიანი დოკუმენტირების გამო. აღსანიშნავია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის სხეული გასროლის მომენტში” – ამბობენ “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრში”.

EMC მიიჩნევს, რომ ამ საკითხის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თაობაზე სუს-ის განცხადების დასაბუთებულობის შესაფასებლად. აღნიშნული გარემოების დადგენისა და სხვადასხვა ექსპერტიზების შედეგების მთლიანობაში შესაფასებლად ოჯახის ადვოკატებმა საგამოძიებო ორგანოს მოსთხოვეს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირების გამოკითხვა და კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელყუმბარაზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის შედეგების თანახმად დგინდება თ. მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის (დნმ) არსებობა ხელყუმბარასა და ფალიაზე (მათ შორის, სისხლის კვალის სახით). თუმცა EMC მიიჩნევს, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ხელყუმბარაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები არასაკმარისია მათი იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ფალიაზე თითის კვალი საერთოდ არ არის აღმოჩენილი.

“გასროლის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში სრული კონტროლი სუს-ის თანამშრომლებს გააჩნდათ და ნივთის ამოღება და ექსპერტიზის დანიშვნაც სწორედ ამ უწყების მიერ განხორციელდა. ეს გარემოება ამოღებული მტკიცებულებების სანდოობასა და ვალიდურობას იმთავითვე სადავოს ხდის” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოჯახის ადვოკატებს ამ დრომდე არ მოეპოვებათ შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარის თავდაპირველი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა და მოწმეების ახსნა-განმარტებები. EMC-ის თქმით, ექსპერტიზის დოკუმენტებში ხელყუმბარა უკვე ამოღებულ და გადაადგილებულ მდგომარეობაში ჩანს:

“ამ ეტაპზე თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ ნივთებზე არსებული დაზიანებების კვალის შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს ტრასოლოგიური ექსპერტიზა. როგორც შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა აჩვენებს, სროლის შედეგად დაზიანებების კვალი ჩანს როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლის შუა ნაწილზე, ისე ბალიშზე, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, სროლის დროს მსხვერპლის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის საფუძვლიან ვარაუდს ქმნის” – ამბობენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, ისევე როგორც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ხელყუმბარის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებების ამოღება, სუს-ის გამომძიებლების მიერ განხორციელდა. EMC-ში აცხადებენ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებიც (მათ შორის ბალისტიკური, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური) იმავე უწყების მიერ დაინიშნა. ეს გარემოება, EMC-ის შეგასებით, საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ვალიდურობას სადავოს ხდის და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ ნდობას ასუსტებს.

“მთლიანობაში, ყველა ეს გარემოება აჩვენებს, რომ გამოძიების ფარგლებში არსებითი მტკიცებულებების ამოღების, შენახვისა და დოკუმენტირების პროცესში დაშვებული იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის პრობლემაზე უთითებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მტკიცებულებებისა და სურათის სრულყოფილი აღდგენის შესაძლებლობის განადგურების ინტერესზე ჩნდება ეჭვები” – ამბობენ ორგანიზაციაში.

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” აცხადებენ, რომ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმის მასალებზე სრული დაშვების უფლების მოპოვების შემთხვევაში, EMC უკვე ჩატარებული ექსპერტიზებისა და მომავალში დაგეგმილი ესპერტიზების შედეგების ერთიან და უფრო სისტემურ შეფასებას წარმოადგენს.


მოვლენების ქრონოლოგია: 

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი