ახალი ამბები

მხოლოდ რუსეთი შეიძლება იდგეს ბრიტანეთში მამა-შვილის მოწამვლის უკან – რუსი ქიმიკოსი

15 მარტი, 2018 • 2037
მხოლოდ რუსეთი შეიძლება იდგეს ბრიტანეთში მამა-შვილის მოწამვლის უკან – რუსი ქიმიკოსი

რუსი ქიმიკოსი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში ნერვული აგენტის ტიპის ტოქსიკური ნივთიერებების განვითარებაზე მუშაობდა, ამბობს, რომ მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო მსგავსი ქიმიური ნივთიერებით ინგლისში მამა-შვილის მოწამვლა. Reuters-თან საუბრისას ვილ მირზაიანოვმა ნერვული აგენტების მკაცრ კონტროლზე პასუხისმგებელ პირად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  დაასახელა.

“კრემლი, როგორც ყოველთვის, როგორც კრიმინალს შეეფერება, ფაქტს უარყოფს. ეს არაფერს ნიშნავს,” – აცხადებს მირზაიანოვი, რომელიც რუსეთიდან გაძევების შემდეგ უკვე ოც წელიწადზე მეტია აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში, ცხოვრობს.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

სკრიპალების მოწამვლამ უკვე გამოიწვია საერთაშორისო სკანდალი. დიდი ბრიტანეთი მომხდარს ქიმიურ თავდასხმად აფასებს და მასში რუსეთს ღიად ადანაშაულებს. სწორედ ამის გამო, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა, გარდა ამისა, რუსეთს სხვადასხვა ტიპის საქნციას დაუწესებენ. რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს აშშ-ც.

მასალების გადაბეჭდვის წესი