ახალი ამბები

საქართველოში მიქელანჯელოს, ტიციანის, ლეონარდოს გამოფენები მოეწყობა – იტალიის ელჩი

15 მარტი, 2018 • 3166
საქართველოში მიქელანჯელოს, ტიციანის, ლეონარდოს გამოფენები მოეწყობა – იტალიის ელჩი

„ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია“ – ეკონომინიკის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ ბოტიჩელითა და კარავაჯოთი და წელს ვაგრძელებთ ისეთი დიდი სახელით, როგორიც არის მიქელანჯელო“, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

იტალიის ელჩის თქმით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა, მათ შორის ერთ-ერთი არის რენესანსის პერიოდის გრაფიკა: ლეონარდოს, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, რაფაელისა და ბევრი დიდოსტატის ნამუშევრებით.

მისი განცხადებით, ასევე წარმოდგენილი იქნება ფერთა დიდოსტატის, ტიციანის ორიგინალი მადონა ბავშვით, ასევე მოეწყობა თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა.

ყველა გამოფენა გაიხსნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, აგვისტო-სექტემბერში კი იქნება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება ბაროკოს პერიოდს.

„ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისა და Check in Georgia-ს მტკიცე მხარდაჭერა“, – ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი