ოჯახი: პროკურორი ნეფარიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით იმუქრებოდა

თბილისის საკრებულოს დაკავებული წევრის, ზურაბ ნეფარიძის შვილი, ზურაბ ნეფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, პროკურორის მხრიდან განიცადა. როგორც ბრალდებულის შვილი განმარტავს, პროკურორი ბექა ეჟიშვილი მამის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა.

“ცოტა ისეთი კადრებია, აღწერა მიჭირს. მოდულში რომ მიმიყვანეს, იქ დამიდეს ეს მასალები და მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა, მაჩვენებდნენ კადრებს, შემდეგ კი გაავრცელებდნენ.  ამ ყველაფერს ბექა ეჟიშვილი ესწრებოდა. მუქარები იყო უშუალოდ ჩემი და ჩემი ცოლის მიმართაც, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთით გვემუქრებოდნენ,” – აცხადებს ნეფარიძის შვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე  2017 წლის 26 აგვისტოს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას ნიშნავს. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს წევრ ზურაბ ნეფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნეფარიძე აღნიშნულ ბრალდებას არ აღიარებს, მისმა იმჟამინდელმა ავდოკატმა კი საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა. 

როგორც საქმის პროკურორი ბექა ეჟიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ მოიპოვება.

ცალსახად შემიძლია გითხრათ, სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეში არცერთი პირადი ჩანაწერი არ არსებობს, არც მოიპოვება. იმდენი პირადპირი მტკიცებულება არის ამ საქმეში, რომ არავის სჭირდება მისი შვილის ჩვენება და დადასტურება. მე მზად ვარ, ნებისიერ ჩემს ქმედებაზე ვაგო პასუხი, კატეგორიულად გამოვრციხავ ჩემი მხრიდან ზეწოლას ბრალდებულის ოჯახზე,” – განაცხადა პროკურორმა.  

ზურაბ ნეფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი ციხის საავადმყოფოში იმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან