ჯანელიძე მამა-შვილ სკრიპალების მოწამლვის ფაქტს მკაცრად გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ მკაცრად გმობს სოლსბურიში მამა-შვილ სკრიპალების მოწამლვის ფაქტს. ამის თაობაზე ჯანელიძე ტვიტერზე წერს.

ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ბრიტანელი ხალხისა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის გვერდით დგას. მისი თქმით, ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თბილისი მხარს უჭერს ლონდონს სიმართლის ძიებაში.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com