ახალი ამბები

Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

14 მარტი, 2018 • 2549
Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

პირველი ვიცეპრემიერის თქმით, წელს ანაკლიაში გარდამავალი პერიოდი გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც, რამდნეიმე მუსიკალური Weekend-ის ჩატარება იგეგმება:

„ანაკლია წელს გარდამავალ პერიოდში იმუშავებს. ჩატარდება რამდენიმე მუსიკალური weekend,  მათ შორის ერთი ვრცელი, ოთხდღიანი მუსიკალური weekend. ასევე  კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება“, – აღნიშნა მინისტრმა Check in Georgia-ს პრეზენტაციაზე.

ამასთანავე, ქუმსიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მხარდაჭერის 3 ან  ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანაკლიაში ღონისძიებების სტაბილურ გრაფიკს – ყოველწლიური ფესტივალის არსებობას და ამ ფესტივალის გრძელვადიან მხარდაჭერას.


ქუმსიშვილის განცხადებით, Check in Georgia-ს  წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. პროექტი თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებსაც მოიცავს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის, Check in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ კონცერტებზე, რაშიც ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2016 წელს გაყიდული ბილეთებიდან  მთვარობამ 3 044 030 ლარი მიიღო.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2016 წელს Check in Georgia-ს ფარგლებში მთავრობამ 28 000 000 ლარი გამოყო განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას:

  • მსოფლიო კლასის არენა შოუ – 4
  • რეგიონული კონცერტი ქვეყნის 17 ქალაქში – 46 აქტივობა
  • ბათუმის ქუჩის წარმოდგენები – 40 აქტივობა
  • ბათუმის კოლონადებთან და კორტებზე გამართული კონცერტები

გამართული ღონისძიებებიდან სამი კონცერტი იყო ფასიანი: ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და MAROON 5-ის, დანარჩენ კონცერტებზე დასრება უფასო იყო.

აუდიტის სამსახურის ცნობით, 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა  3 044 030 ლარი.

დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ კონცერტებზე ბილეთების რეალიზაცია განახორციელა კულტურის სამინისტროს სსიპ “კულტურის საინვესტიციო ფონდმა” და შპს „ონლაინ თიქეთსმა“.

“საინვესტიციო ფონდი არ ახდენდა ჩატარებული კონცერტების მიხედვით გაყიდული ბილეთების შესახებ TKT.GE-ს მონაცემთა ბაზიდან დეტალური ინფორმაციების (გაყიდვის არხების (ონლაინ, სალარო) და ოპერატორების, პერიოდების მიხედვით გადახდებზე, მომხმარებლებზე, შეკვეთებზე) რეპორტირებას და დოკუმენტირებას – და შემოსავლის აღიარება ხორციელდებოდა პროგრამიდან გენერირებული სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტების შესაბამისად”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

შესწავლის შედეგად აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ამ სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით გაუყიდავი ბილეთების რაოდენობა 3 719 ერთეული იყო, რომლის ღირებულება 141 840 ლარი იყო.

კულტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ პროექტმა ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას შეუწყო ხელი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ასე არ აღმოჩნდა.

საიას კვლევის მიხედვით, 2016 წელს სახელმწიფო პროექტის, “Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარებულ სამ დიდ ღონისძიებაზე დასასწრებად 49 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, თუმცა ეს შეადგენდა გაყიდული ბილეთების დაახლოებით 5%-ს, ხოლო ჯამურად – ამავე 49 ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 0.05%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი