ახალი ამბები

რუსეთი ბრიტანეთის სანქციებს უპრეცედენტოდ უხეშ პროვოკაციად აფასებს

14 მარტი, 2018 • 1964
რუსეთი ბრიტანეთის სანქციებს უპრეცედენტოდ უხეშ პროვოკაციად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ტერეზა მეის 14 მარტის განცხადება უპრეცედენტოდ უხეში პროვოკაციაა, რომელიც ემუქრება ქვეყნებს შორის ჯანსაღი დიალოგის პრინციპებს.

“დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის 14 მარტის განცხადებას, რომელიც რუსეთისთვის “სადამსჯელო” ღონისძიებებს ეხება, ცრუ ქვეტექსტებით, თითქოსდა რუსეთი რაიმე კავშირშია სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლასთან, ვაფასებთ, როგორც უპრეცედენტოდ უხეშ პროვოკაციად, რომელიც ემუქრება ქვეყნებს შორის ჯანსაღი დიალოგის პრინციპებს” – წერია განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ლონდონი ზედმიწევნით მტრული ტონით საუბრობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ აკეთებს განცხადებას:

“კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, საკუთარი უხამსი პოლიტიკური მიზნებით, ურთიერთობის უფრო აგრესიულ ფორმებზე გადავიდა მთელი რიგი სანქციების დაწესებით, მათ შორის, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთთან კონფრონტაციის გზა არჩია, იმის ნაცვლად, რომ მომხდარზე გამოძიება დაესრულებინა და გამოეყენებინა საერთაშორისო ფორმატები და ინსტრუმენტები. 

14 მარტს ტერეზა მეიმ ის სანქციები დაასახელა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს დაუწესებს. 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებისა და მთავრობის მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების გარდა, ბრიტანეთი აძლიერებს კონტროლს რუსეთიდან კერძო ფრენებსა და ტვირთებზე.

ტერეზა მეის თქმით, ასევე გაიყინება რუსეთის სახელმწიფოს ყველა აქტივი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ემუქრებოდეს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების სიცოცხლეს ან საკუთრების უფლებას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე შეჩერდება მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის.

გუშინ, 13 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი  შვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა. ტერეზა მეიმ რუსულ მხარეს მოსთხოვა, შუაღამემდე მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლვა. ეს ინფორმაცია რუსეთმა დიდ ბრიტანეთს აღნიშნულ ვადაში არ მიაწოდა.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებდა ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი