ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლას მხარს უჭერს

14 მარტი, 2018 • 2041
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლას მხარს უჭერს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიების ფორმატის ცვლილებას. ამის შესახებ იან კელიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ჟენევის ფორმატის გაძლიერებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე”ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას უპასუხა.

„ჩვენ უკვე ჩართულნი ვართ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები, ალბათ, უკვე დაახლოებით 40 შეხვედრა ჩატარდა. ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე, მათ შორის ჩართულნი არიან წევრები ევროკავშირიდან, ეუთოდან, გაეროდან, ასევე რუსეთის და ორი კონფლიქტური რეგიონის წარმომადგენლობა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, როგორიცაა ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტა, სავაჭრო კავშირების აღდგენა მოსახლეობას შორის, თავისუფალი გადაადგილება და ასე შემდეგ”.

როგორც ელჩი აცხადებს, ამ დრომდე მხარეებს პოზიტიური შედეგი არ გააჩნიათ.

“შედეგი არის ის, რომ პროგრესი არცერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა საზოგადოებამ ვერ დაინახა. მე მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ. გვინდა დავეხმაროთ საქაართველოს ამ მიმართულებით. ასეთი ტიპის ფორმატებში ალბათ აუცილებელია, ჩართულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ძალა. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ როგორ და სად ხედავს ჩვენ როლს ამ მიმართულებით”.

Q&A with Ambassador Kelly

მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ელჩი იან კელი უმასპინძლებს კითხვა-პასუხის სესიას. დასვით შეკითხვები კომენტარებში.

Ambassador Ian Kelly will be hosting a live Q&A session for the next hour. Ask your questions in the comments below.

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Wednesday, 14 March 2018

ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლაზე საუბარი უკანასკნელი დღეების განმავლობაში კვლავ გააქტიურდა.

“მინდა, ასევე აუცილებლად აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად სათქმელია – ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

რამდენიმე თვის წინ  გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიებში პირადად ჩართვის სურვილიც გამოთქვა. 

ჟენევის დისკუსიების მორიგი შეხვედრა 2018 წლის 26-29 მარტს გაიმართება.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი