ახალი ამბებიეკონომიკა

10 კომპანია, სადაც 2017 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

14 მარტი, 2018 • 3198
10 კომპანია, სადაც 2017 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის 10 უმსხვილეს კომპანიას ასახელებს, რომლებსაც გასულ წელს ყველაზე მაღალი ბრუნვა ჰქონდათ და ამ კომპანიებში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

საქსტატში განმარტავენ, რომ სია სადაზღვევო კომპანიებსა და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საფინანსო კომპანიებს არ მოიცავს.

იხილეთ 10 კომპანია, სადაც 2017 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა  (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული):

[checklist]

  • სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია
  • საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
  • შპს მტკვარი ჰოლდინგი
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • ბი-ფი ჯგუფი
  • შპს მაგთიკომი
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი

[/checklist]

გთავაზობთ დამატებით ცნობებს იმ კომპანიებზე, რომლებშიც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: 

სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია – საჯარო რეესტრის თანახმად,  ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია ენერგო- პრო ჯორჯიას 2016 წელს გამოეყო. „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას. კომპანია ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. ენერგო-პროს ინფორმაციით, კომპანია 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტრ სადგურს ფლობს.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი – 2016 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა შვილობილი ფონდი “საქართველოს ტურიზმის განავითარების ფონდი” შექმნა. მათი განცხადებით, ტურიზმის განვითარების ფონდმა თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს. ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობს. ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს შეიქმნა.

შპს მტკვარი ჰოლდინგი – საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯი სი ეფ ლუქსემბურგია, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია რეგისტრირებული.

ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში – თურქეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალია საქართველოში.

სს მეტრო ავრასია ჯორჯია – სააქციო საზოგადოება „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ საქართველოში პირველად 2010 წელს შემოვიდა. კომპანიის ინფორმაციით, 2017 წლისთვის „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთის“ შვილობილი კომპანიების რიცხვი 29-მდე გაიზარდა, ხოლო კომპანიის საწესდებო კაპიტალმა 300 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანია სხვადასხვა ბიზნესსფეროში მოღვაწეობს:  სამშენებლო ბიზნესი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურების მშენებლობა და მართვა, ტრანსპორტირება და მგზავრთა გადაყვანა და სხვა.

ბი-ფი ჯგუფი – იგივე BP (British Petroleum) საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას. კომპანიის ინფორმაციით, ეს მილსადენებია: დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (WREP), ცნობილი, როგორც ბაქო-სუფსის მილსადენი; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი (BTC) სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. სამხრეთკავკასიური მილსადენი (SCP)ბუნებრივი აირის მიწოდებას ახორციელებს კასპიის ზღვის `შაჰ დენიზის” საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებზე. საქსტატში განმარტავენ, რომ BP-ს ბევრი კონტრაქტორი კომპანია ჰყავს, სადაც ერთიანად ხორციელდება ინვესტირება. სწორედ ამიტომ ხდება საქსტატის მხრიდან ბი-ფი ჯგუფად მოხსენება.

შ.პ.ს მაგთიკომი – სატელეკომუნიკაციების მომსახურებას უზრუნველყოფს. საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიის 49%-იან წილს  ტელსელ უაიერლეს კომპანის აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია ფლობს. 51% წილის მფლობელი კი ასევე აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარია.

აიდიეს ბორჯომი საქართველო – საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიაა, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. კომპანია ნატურალური მინერალური წყლებს აწარმოებს. ის ბაზარზე შემდეგი ბრენდებითაა წარმოდგენილი: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“.

შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი – საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 84%-ის მფლობელი შპს რაკიინ დეველოპმენტია. დარჩენილ ნაწილს კი  ღია სააქციო საზოგადოება რაკიინ დეველოპმენტი, არაბთა გაერთიანებული საემიროები ფლობს. კომპანია სავაჭრო ცენტრის, თბილისი მოლის მფლობელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი