ბრიტანეთი რუსი აგენტის მოწამვლის საქმეზე გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლის საქმეზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევას ითხოვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, რუსეთმა დიდ ბრიტანეთს დაწესებულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოწამლეს რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.