ფაროსანას გამო რუსეთმა აფხაზეთიდან ხილ-ბოსტნეულის შეტანა აკრძალა

12 მარტს რუსეთის “როსსელხოზნადზორმა” აფხაზეთიდან რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის ბარგით ან ხელბარგით შეტანა დროებით აკრძალა, რაც აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროებას უკავშირდება, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო sputnik-abkhazia ავრცელებს.

“მავნებელი 2016 წელს გამოჩნდა, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანი 2017 წელს გალის რაიონს მიაყენა. როგორც იცით, მნიშვნელოვნად დაზარალდა სოფლის მეურნეობა, ხოლო შემდგომ ფაროსანა მთელ რესპუბლიკაში გავრცელდა” – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის მცენარეთა საკარანტინო ინსპექციის ხელმძღვანელმა, არკადი ჯინჯიამ.

მისივე თქმით, რადგან ფაროსანა აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელდა, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთშიც გავრცელდება, სწორედ ამიტომ მიიღო რუსეთმა ამგვარი გადაწყვეტილება. აფხაზეთის სპუტნიკის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკრძალვის მოსახსნელად აქტიურად მუშაობს.

Sputnik-abkhazia-ს ინფორმაციით, “როსსელხოზნადზორმა” საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, აფხაზეთიდან გასული მგზავრების ბარგში ყავისფერი ფაროსანა აღმოაჩინა.

მხოლოდ 2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 25 მილიონი რუბლი დახარჯა, თუმცა თხილის მოსავლის 70% მაინც განადგურდა.

სასოფლო სამეურნეო ბაზრობა სოხუმში; 2016 წლის 15 ოქტომბერი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი