ახალი ამბები

ეროვნული უმცირესობების საბჭო ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას მოითხოვს

14 მარტი, 2018 • 1237
ეროვნული უმცირესობების საბჭო ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას მოითხოვს

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახში დაბრუნების მოთხოვნით, რუსეთისა და ცხინვალის საზოგადოებას განცხადებით მიმართეს.

„სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები: საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, ქურთული, ეზიდური, ბერძნული, ებრაული, ასურული, ლატვიური, უკრაინული, გერმანული, უდიური, ბელორუსული, ქისტური/ჩეჩნური და სხვა ორგანიზაციებისა და თემების წარმომადგენლები ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას იმის გამო, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღემდე არ არის გადაცემული მისი ოჯახისთვის,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ცხედრის ოჯახისათვის გადაუცემლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, ყველა ცივილიზებული ერისა და რელიგიის წეს-ჩვეულებსა და ღირებულებებს.

“მათ შორის უხეშად არღვევს კავკასიური ეთიკის პრინციპებს, რითიც ყველა კავკასიური ეთნოსი ამაყობს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

“სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ცივილიზებულ სამყაროს მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და შეიმუშაონ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ოპერატიული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები“, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადმოუცია რუსეთს და სამხრეთ ისეთის დე ფაქტო მთავრობას.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ არ გადასცემია.

რაც, შეეხება ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულს ორი მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი  საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 11 მარტიდან იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი