ახალი ამბებირეკლამა

„m2 უძრავი ქონება“: მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

14 მარტი, 2018 • 1956
„m2 უძრავი ქონება“: მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

m2-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა „ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ“ მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომლის მიზანიც აღნიშნული ტერიტორიის გატყევება-აღდგენა და ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი, თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.

მოცემულ მომენტში 26 000 კვ.მ-ის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ფერდობის დამწვარი ხეებისგან გაწმენდას, სანერგე ორმოების გასუფთავებასა და ტერასების მოწყობას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, რომელიც „თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ სპეციალისტებმა მოამზადეს და დარგის ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს, მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე 3000 ხე-მცენარე ჩაირგვება. „m2 უძრავი ქონება“ არა მხოლოდ ტერიტორიის გატყევება-აღდგენას დააფინანსებს, არამედ ფერდობის 3-წლიან მოვლა-პატრონობასაც უზრუნველყოფს.

დარგვის პროცესი 24 მარტს დაიწყება და გაზაფხულის პერიოდში ეტაპობრივად გაგრძელდება. m2-მა მთაწმინდის ფერდობის გატყევება-აღდგენის პროექტისთვის სპეციალური პლატფორმა www.gaamtsvane.ge შექმნა, რომლის დახმარებითაც მსურველებს საშუალება ეძლევათ მოხალისეობრივად ჩაერთონ პროექტში და თვალი მიადევნონ აღდგენის პროცესს.

მთაწმინდის ფერდობის გატყევება-აღდგენის პროექტმა 23 თებერვალს წლის მთავარი CSR ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში „წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“. აღნიშნული პროექტი საგანმანათლებლო კომპონენტებს – ხანძრის პრევენციისა და რისკების შემცირების კამპანიებსაც მოიცავს, რომლებსაც m2 არასამთავრობო ორგანიზაციებთან „ეკოხედვა“ და „ASB“ ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი