იაპონიამ თბილისს სახანძრო მანქანა აჩუქა, მოხეში კი საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს

იაპონიამ თბილისის სახანძროსთვის მეორეული სახანძრო ტექნიკის შეძენისა და სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის ასაშენებლად 166 128 აშშ დოლარი გამოჰყო.

იაპონიის საელჩოს ცნობით, მეორეული სახანძრო ტექნიკა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადაეცემა. საელჩო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თბილისში ყოველწლიურად ფიქსირდება რამდენიმე ათასი ხანძარი, მათ შორის დაახლოებით მეათედი – მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში.

პროექტის მიხედვით, სახანძრო ტექნიკა განკუთვნილია ისანი–სამგორის ტერიტორიისთვის და საჭიროებისამებრ, შესაძლებელი იქნება მისი სწრაფი გადაადგილება თბილისის დანარჩენ ტერიტორიაზე. იაპონიის საელჩოს დაფინანსება ამ პროექტისთვის 99’733 აშშ დოლარს შეადგენს.

მეორე პროექტის ფარგლებში, რომელსაც განახორციელებს World Vision–საქართველო, მოხეს სოფელში აშენდება საბავშვო ბაღი და მოემსახურება 8 მიმდებარე სოფლის ბავშვებს. სოფელ მოხეში დასახლებულია ქართველ მუსლიმთა თემი, რომელთა რაოდენობა 340 ოჯახია. ამ პროექტისთვის საელჩოს გამოყოფილი აქვს 66’395 აშშ დოლარი.

პროექტზე საგრანტო ხელშეკრულებას 14 მარტს ხელს მოაწერენ საქართველოში იაპონიის საელჩო და ორი ორგანიზაცია: სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო“ (პრემიერის აპარატის დაქვემდებარებაში – საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) და World Vision– საქართველო.

იაპონიის საელჩოს „გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას.

საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სიღარიბის დაძლევისა და კულტურის სფეროებში. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 163 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 16 642 524 აშშ დოლარი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com