ბიბილოვი: რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩვენი არჩევნებიცაა

ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს, რომელიც 2018 წლის 18 მარტს იმართება, ასე ეხმაურება:

“რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 98%-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს, ამიტომაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩვენი არჩევნებიცაა. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ იცის, რომ რუსეთში ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრებაზეც აისახება. ამიტომაც, ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი მოწოდებების გარეშეც, ისინი საკუთარი სამოქალაქო უფლების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან, 18 მარტს საარჩევნო უბნებზე რომ მივიდნენ”, – განაცხადა ბიბილოვმა ინტერვიუში “მე-15 რეგიონს”.

მისივე თქმით, მთელი წინასაარჩევნო პროცესი დაძაბულობის გარეშე მიმდინარეობს. არჩევნების დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 13 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათ შორის ორი უბანი – რუსი სამხედროებისთვის.

ანატოლი ბიბილოვს არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი სწორედ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაა. აღნიშნულ საკითხზე ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარებასაც აანონსებდნენ. 

რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ საპრეზიდენტო კანდიდატია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი