ახალი ამბები

კვირიკაშვილი: რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის

14 მარტი, 2018 • 1501
კვირიკაშვილი: რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის

“რუსეთის პასუხში ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები, ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც მცირედ პორგრესს მოიტანს, ეს პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო, ამ არეულ სამყაროში თუ რამე სჭირდება საქართველოს, ეს არის სტაბილურობის განცდა,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 14 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

საქმე ეხება პრემიერ-მინისტრის მიერ  9 მარტს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მოსკოვი ამ განცხადებას მიესალმა და განმარტა, რომ გამოთქმული განწყობა ორმხრივი ნორმალიზაციის გაგრძელებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

როგორც კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული განცხადების გამო მის მიმართ ბევრი კრიტიკული და უსაფუძვლო შეფასება გაისმა.

“მინდა განვაცხადო, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიოკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი სკუთარი იმიჯის ხაზზე და ხარჯზე,” – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ის არაჯანსაღი გარემოა შექმნილი, რომელშიც პატრიოტიზმი განცხადებების სიმწვავით იზომება: 

“არაჯანსაღი გარემო, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი