ახალი ამბები

შვედეთის რადიო: საქართველო შვედეთში გასამართლებულ მოქალაქეებს დაიბრუნებს

14 მარტი, 2018 • 1942
შვედეთის რადიო: საქართველო შვედეთში გასამართლებულ მოქალაქეებს დაიბრუნებს

შვედეთის რადიოს” ინფორმაციით, საქართველო დათანხმდა შვედური მხარის მოთხოვნას შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. შვედური მედიასაშუალების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ საკითხზე შვედ კოლეგას გუშინ, 13 მარტს, სტოკჰოლმში შეხვდა.

“ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ შვედეთთან, ამიტომ მათ სასჯელი სამშობლოში უნდა მოიხადონ და არა შვედეთში. ამიტომაც ისინი საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. გარდა ამისა, ჩვენი ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება”, – ამბობდა შვედეთის იუსტიციის მინისტრი მორგან იოჰანსონი შეხვედრის დაწყებამდე.

შვედური მედიასაშუალების ცნობით, შვედეთში სასჯელს საქართველოს დაახლოებით 70 მოქალაქე იხდის, თუმცა საქართველო მათ არ იბრუნებდა პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილების არქონის გამო.

 

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი