ახალი ამბები

მიტროპოლიტი თეოდორე: არ არის გამორიცხული, ვალეში დამწვარ ხატებს შორის მართლმადიდებლურიც იყოს

14 მარტი, 2018 • 1917
მიტროპოლიტი თეოდორე: არ არის გამორიცხული, ვალეში დამწვარ ხატებს შორის მართლმადიდებლურიც იყოს

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ განაცხადა, რომ ვალეში კათოლიკურ სიწმინდეებთან ერთად შესაძლოა მართლმადდიებლური ხატებიც დაეწვათ.

“ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან. მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი”, – მიტროპოლიტის სიტყვებს საპატრიარქო ავრცელებს.

კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 მარტს წმინდა ნინოს სალოცავთან დაწვეს კათოლიკური სიწმინდეები. ეკლესიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ადგილას არის მართლმადიდებლური სიწმინდეებიც, თუმცა ისინი არ დაუწვიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რის შედეგადაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც რელიგიური გაერთიანების მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

რელიგიური სიწმინდეების დაწვა დაგმო “ქართველ მუსლიმთა კავშირმა“.

“ვფიქრობთ, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარსული და, ამავე დროს, დიდი სიმდიდრე. მიგვაჩნია, რომ მისი რაიმე ფორმით ხელყოფა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავალის განადგურებას და სამშობლოსადმი ღალატს”, – წერია მათ განცხადებაში.

ვალეში დამწვარი კატოლიკური სიწმინდეები. შოთა გიქოშვილის ფოტოები

მასალების გადაბეჭდვის წესი