ლიბიაში დაპატიმრებული ოთხი ქართველი მეზღვაურიდან ერთი საქართველოში დაბრუნდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა. ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინტენსიურად მუშაობს ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი სამი ქართველი მეზღვაურის  გათავისუფლებაზე, პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს მისიები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასევე, პარტნიორი ქვეყნების საელჩოები.

ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.​ საქმე ეხება გემით კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.