ახალი ამბები

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: შესაბამისმა ორგანოებმა სიწმინდეთა დაწვის ფაქტი გულდასმით უნდა გამოიძიონ

14 მარტი, 2018 • 1782
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: შესაბამისმა ორგანოებმა სიწმინდეთა დაწვის ფაქტი გულდასმით უნდა გამოიძიონ

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ვალეში კათოლიკურ რელიკვიათა დაწვის ფაქტს ეხმაურება. ეპისკოპოსი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ შესაბამისი ოგანოები ფაქტს დროულად გამოიძიებენ.

“…გამოვხატავ ჩემს სიახლოვესა და გვერდით ყოფნას ვალეს კათოლიკე საკრებულოსადმი და მისი წინამძღვრისადმი,  მიხეილ სურმავასადმი. გამოვხატავ, აგრეთვე, მთელი ეკლესიის მწუხარებასა და აღშფოთებას ისეთი ფაქტის გამო, რომელზეც თვალის დახუჭვა არანაირად არ შეიძლება და რომელიც გულდასმით უნდა გამოიძიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლებსაც დაუყოვნებლივ ეცნობა მომხდარის შესახებ.
ვევედროთ უფალს, რათა ყველასათვის ძვირფასი იყოს საკუთარი და სხვისი რწმენის პატივისცემა, რათა ყველანი ვგრძნობდეთ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, რითაც დასტურდება ამა თუ იმ ხალხის ზნეობრივი სიმაღლე.
მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა ჩვენს მიმართ მომხდარის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ ვალეში კათოლიკური სიწმინდეები უცნობმა პირებმა  გუშინ, 12 მარტს დაწვეს. კათოლიკე ეკლესიის ცნობით, ვალეში, წმ. ნინოს მცირე სამლოცველოსთან, სადაც მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატები და ლოცვის კრებულები მუდამ ერთად იყო შენახული, დაწვეს მხოლოდ კათოლიკური სიწმინდეები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რის შედეგადაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც რელიგიური გაერთიანების მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი