ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ ეხმარება ქართული მხარე C ჰეპატიტისა და აივ/შიდსის მქონე აფხაზ და ოს პაციენტებს

13 მარტი, 2018 • 3204
როგორ ეხმარება ქართული მხარე C ჰეპატიტისა და აივ/შიდსის მქონე აფხაზ და ოს პაციენტებს

აფხაზი და ოსი პაციენტები საქართველოს ჯანდაცვის სხვადასხვა სახელმწიფო  პროგრამასთან ერთად, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და “აივ -ინფექცია/შიდსის” სახელმწიფო პროგრამითაც სარგებლობენ.

ნეტგაზეთისვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2016-2018 წლებში,  გლობალური ფონდის შიდსის პროგრამისა და “აივ -ინფექცია/შიდსის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოხუმის შიდსის ცენტრში  მიმდინარეობს აივ ინფექციის მქონე და შიდსით დაავადებულთა მკურნალობა და მოვლა, დედიდან შვილზე აივ-ინფექციის გადაცემის პრევენცია და ზიანის შემცირების “შპრიცისა და ნემსის პროგრამა” ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელებისთვის.

პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, “რეგულარულად ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებული პირების მკურნალობისთვის არვ [ანტირეტროვირუსული] მედიკამენტების მიწოდება”.

ოფიციალური ცნობითვე, ბოლოს, 2017 წლის ნოემბერში, აღნიშნულ პაციენტებს გლობალური ფონდის მარაგებიდან 96 751.28 ლარის ღირებულების მედიკამენტები და აივ-ინფექცია/შიდსის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 16 876.79 ლარის ღირებულების პრეპარატები მიაწოდეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, 2016 წლიდან 2018 წლის იანვრის ბოლოსთვის შიდსის საწინააღმდეგო არვ [ანტირეტროვირუსული] მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რიცხვი აღნიშნულ ტერიტორიებზე 416-დან 478-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და კომპეტენციების ამაღლებისა და პროგრამის მონიტორინგის მიზნით  რეგულარული მივლინებები [წელიწადში სულ მცირე ორჯერ] ხორციელდებოდა.

“ზიანის შემცირების პროგრამის ფარგლებში თვის განმავლობაში საშუალოდ 800-მდე ნარკოტიკის ინექციური მომმხმარებელი იღებდა “შპრიცისა და ნემსის პროგრამის” მომსახურებას. თბილისიდან მარაგდებოდა პროგრამა საჭირო სახარჯი მასალებითაც. ბოლო მიწოდება სახარჯი მასალების განხორციელდა 2017 წლის ნოემბერში და გადაცემული იყო 16 280.93 ლარის ღირებულების სახარჯი მასალა [შპრიცები, ნემსები, ტესტ-სისტემები და სხვა]”.

კიდევ ერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აფხაზ და ოს პაციენტებს სარგებლობის საშუალება ეძლევათ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაა.

სამინისტრის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციითვე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეებად 2017 წლის 25 მაისიდან ირიცხებიან.  შესაბამისად, ამ პერიოდიდან, ასევე, ოფიციალური ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ასეთი 10 პაციენტია დარეგისტრირებული, 5 კი უკვე მკურნალობას იღებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  ნეტგზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების რაოდენობა და მათზე დახარჯული საბიუჯეტო ფული მზარდია.

ჯამში, 2015 წლიდან 2017 წლის 19 ივნისამდე აფხაზ და ოს პაციენტებზე საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

ქართული მხარე ხშირად არ საუბრობს სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი და ოსი პაციენტების სტატისტიკაზე, როგორც ამბობს, ამ საკითხით სპეკულაციის თავიდან ასარიდებლად.


ამავე თემაზე: 

საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი და ოსი პაციენტების რაოდენობა მზარდია
მითები და რეალობა აფხაზეთში საქართველოში მკურნალობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი