გვარამია მზადაა დეკანოზ მამალაძეს სტრასბურგის სასამართლოში სამართლებრივი დახმარება გაუწიოს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატის სტატუსით ე.წ. მატროსოვის ციხეში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

ამ წუთში გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს.

Posted by Nika Gvaramia on 2018 წლის 13 მარტი, სამშაბათი

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ნიკა გვარამიას, რომელმაც აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გიორგი მამალაძის ადვოკატი არ არის, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა დეკანოზს სამართლებრივად დაეხმაროს.

“ამ ეტაპზე ადვოკატი მას [დეკანოზ გიორგი მამალაძეს] არ სჭირდება იმიტომ, რომ უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი უკვე შეტანილია, თუ დაუშვებს უზენაესი სასამართლო, რისი იმედიც მე არ მაქვს, შემდეგ ვნახოთ. სტრასბურგის სასამართლოს მიმართულებით, ცხადია, რომ დავეხმარები და არა მხოლოდ ამ მიმართულებით. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას თქმით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ  სტრასბურგში მამალაძეს ადვოკატის სტატუსით დაეხმაროს.

“ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 13 თებერვალს სააპელაციო სასამართლომაც  დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლეთა პალატამ- ნათია ბარბაქაძის, მურმან ისაევის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით- ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ “ციანიდის საქმეზე” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ და თუ საკასაციო საჩივარიც არ დაკმაყოფილდა, სტრასბურგს მიმართავენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან