ახალი ამბები

გუგული მაღრაძე ჟურნალისტებისთვის ქართულ ენაში სავალდებულო ტრენინგებს ითხოვს

13 მარტი, 2018 • 4649
გუგული მაღრაძე ჟურნალისტებისთვის ქართულ ენაში სავალდებულო ტრენინგებს ითხოვს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ სასურველია, ჟურნალისტებსა და პედაგოგებს სავალდებულო წვრთნა ჩაუტარდეთ, გამართული ქართულით რომ იმეტყველონ. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალიბეგაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მაღრაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებსა და პედაგოგებს დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე. შესაბამისად,  დეპუტატი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ მათი სერტიფიცირება მოხდება. გუგული მაღრაძის ციტატას “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია):

“ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენად მიგაჩნიათ თქვენ მიზანშეწონილად, იგივე ჟურნალისტებმა, რაღაცა, წელიწადში ერთხელ, თუ რაღაც, გაიარონ ხოლმე სპეციალურად ტრენინგები, სავალდებულო ტრენინგები. იმიტომ, რომ ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, გავლენა არის ჟურნალისტებიდან და მასწავლებლებისგან. ასევე, მასწავლებლები, მართალია, ბევრი დავალებები აქვთ და.. მაგრამ მასწავლებელი ჩვეულებრივად არ მეტყველებს ხოლმე სწორი ქართულით, ამიტომ ეს თავისთავად გადაეცემა მოსწავლეებს და მოსწავლეებიც მერე ვერ მეტყველებენ სწორი ქართულით. ვერც ჩვენ ვმეტყველებთ გამართული ქართულით, ასე ვთქვათ, და ამიტომ ჩვენთვისაც არ იქნება ცუდი, ვისაც ხშირად უწევს გამოსვლა და სხვა, საჯარო სივრცეში, გვქონდეს თუნცად ეს 3000 სიტყვა [ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ბუკლეტი]. ყველაფერს ერთად ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ თანდათანობით იქნება ეს შესაძლებელი” – ამბობს გუგული მაღრაძე.

მაღრაძის ინიციატივას უპასუხა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. როგორც გიორგი ალიბეგაშვილი ამბობს, არ არის გმაორიცხული, სახელმწიფო რესურსი გამოიძებნოს, რათა ჟურნალისტებს სწორი მეტყველებისთვის ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ:

“ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი, იქნება და სახელმწიფო რესურსები გმაოინახოს, რომ ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორი მეტყველება შეძლონ” – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი