ახალი ამბები

“პირდაპირ დიალოგში” ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებთან საუბარი იგულისხმებოდა – განმარტება

13 მარტი, 2018 • 2129
“პირდაპირ დიალოგში” ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებთან საუბარი იგულისხმებოდა – განმარტება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი “პირდაპირ დიალოგში” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებებს არ გულისხმობდა. მისი თქმით, საუბარი იყო საზოგადოებასთან და ადამიანებთან დიალოგზე. ციხელაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით შიდა თუ გარე აუდიტორიებისთვის უნდა განვმარტოთ. რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება ხოლმე, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. საუბარი არსად არ ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ და ეს, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა და, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმით ასევე რუსეთში. საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან, საზოგადოებასთან ფართოდ, ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალში ცხოვრება და მომავლის მშენებლობა. ყველა იმ არაპოლიტიზებულ ფორმატში, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების ჩართულობის და შერიგების ამოცანები. ეს არხები გარკვეულ დონეზე დღესაც ფუნქციონირებს“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა ციხელაშვილმა.

კვირიკაშვილმა “აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის” მზადყოფნა 9 მარტს დააფიქსირა.

“მზად ვართ, ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა.

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

“არ შეიძლება არ მივესალმოთ გაცხადებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ”, – უპასუხა მას რუსეთმა.

ის, რომ “პირდაპირ დიალოგში” კვირიკაშვილი ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებებთან მოლაპარაკებებს გულისხმობდა, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოშიც ასე გაიგეს.

ვის (არ) მოეწონა კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთისადმი

პირდაპირი დიალოგი ცხინვალსა და სოხუმთან ოკუპაციის ცნებას მოსპობს – დავით ბატაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი