ახალი ამბები

კობახიძის თქმით, რუსეთის პასუხი კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება არ იყო

13 მარტი, 2018 • 1979
კობახიძის თქმით, რუსეთის პასუხი კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება არ იყო

“სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების  მიერ გიორგი კვირიკაშვილის საპასუხო წერილის კომენტირებისას.

“[რუსეთის] ეს ბოლო განცხადებაც ამის გამოძახილი იყო. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ცინიზმს, როგორც ასეთი, მე ამას ვერ დავუძახებდი, მაგრამ მოლოდინი არის, რომ რუსეთმა უფრო კონსტრუქციული მიდგომა გამოავლინოს. ეს განცხადება კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება არ იყო”, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება, რადგან ის არის სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე.

მოსკოვი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფხაზეთთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის თაობაზე. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს გაავრცელა.

“მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ განცხადებაში გამოთქმული განწყობა ორმხრივი ნორმალიზაციის გაგრძელებასა და გაღრმავების შეუწყობს ხელს. არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი კვლავინდებურად დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმ დონეზე წავიდეს, რაზეც თბილისი გამოთქვამს მზადყოფნას.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში პროგრესის მიღწევის სურვილი ბადებს იმედს, რომ ქართული მხარე კონსტრუქციული იქნება მომავალი რაუნდის დროს, რომელიც მარტში უნდა შედგეს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს მიდგომა მოლაპარაკებების სხვა მონაწილეების მიერაც იქნება მხარდაჭერილი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ჟენევაში.

არ შეიძლება არ მივესალმოთ გაცხადებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. ეს ერთადერთი და რეალური გზაა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც საქართველოს ადარდებს და საქართველოსა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს სცდება. ეს ეხება ბოლოდროინდელ სამწუხარო ინცინდენტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეს, არჩილ ტატუნაშვილს შეემთხვა”,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 მარტსგანცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
  • პრემიერის განცხადება გააკრიტიკეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა პრორუსულმა პატრიოტთა ალიანსმა ის დადებითად შეაფასა.
  • ოსურმა მხარემ კვირიკაშვილის ინიციატივას  “სახალისო” უწოდა.
  • საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კი 12 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების პოლიტიკას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი