ახალი ამბები

ომბუდსმენმა მეჭიაურის მხრიდან დისკრიმინაცია დაადგინა – თიანეთის მერის პასუხი

13 მარტი, 2018 • 3068
ომბუდსმენმა მეჭიაურის მხრიდან დისკრიმინაცია დაადგინა – თიანეთის მერის პასუხი

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური დისკრიმინაციულ მიდგომას იყენებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. თავად მეჭიაური ამბობს რომ ომბუდსმენი შეცდომაშია შეყვანილი.

ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად,” თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე თანამშრომლები 2017 წლის ნოემბრიდან არ მომარაგებულან საშეშე მერქნით, ვინაიდან მოქმედი მერი მათ განსხვავებული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად აღიქვამს. ეს გარემოება თანამშრომლებს მძიმე პირობებში აყენებს და ხელს უშლის სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაში.”

“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მერის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს დროითი ეფექტურობის გონივრულ სტანდარტს და საფრთხის ქვეშ აყენებს დასაქმებულთა ჯანმრთელობას. ამასთან, სახალხო დამცველმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს”,- ნათქვამია განცხადებაში.

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ომბუდსმენი შეცდომაშია შეყვანილი და აბსურდს უწოდებს სახალხო დამცველის განცხადებას. მეჭიაური ასევე ამბობს, რომ უშეშობაზე მომჩივანი რწმუნებულები “ქართული ოცნების” სახელს ამოფარებული თაღლითები არიან:

“მე მერად ნოემბრის შუაში მოვედი, თიანეთში ზამთარი დაიწყო ოქტომბრის ნახევარში, იმხელა თოვლი მოვიდა, რომ თუკი ვინმე არ გათბებოდა, მაშინვე გაიყინებოდნენ. ჩემს მოსვლამდე ერთი თვით ადრე იყო ყინვები, ასე რომ, მათ უნდა ჰქონოდათ მომარაგებული შეშა ჩემს მოსვლამდე. მეორეც ის რწმუნებულები, ვინც ვითომ იყინებიან, თვითონ არიან ვალდებულები დებულებით, საქმის კურსში ჩააყენონ გამგეობაც, მერიაც, იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ სამოქმედო ტერიტორიაზეა, მათ შორის გათბობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არსებობს. მე მოვიძიე ყველაფერი ეს და მათ ერთი მოხსენებითი ბარათიც კი არ აქვთ დაწერილი არც ჩემს წინამორბედთან, არც ჩემთან. ერთადერთი ახალსოფლის წარმომადგენელმა მომმართა განცხადებით 14 დეკემბერს, რომ ჰქონდა შეშის პრობლემა, მე მაშინვე მივმართე სატყეო სააგენტოს შეშის გამოყოფის თაობაზე. 25 დეკემბერს მომივიდა პასუხი გამოყოფის შესახებ”, – ამბობს მეჭიაური.

მისივე თქმით, 25 დეკემბრიდან ხაზინაში გადარიცხვები შეწყდა და ამიტომ ახალ წლამდე გადარიცხვა ვერ მოხერხდა.

“ახალი წლის შემდეგ თვითონ ის წოწკოლაური, რომელიც საჩივარს აწერს ხელს, არის იმ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც ორჯერ ჩამიგდო ბიუჯეტი და ამის გამო ვერ მოვახერხე გადარიცხვა”, – ამბობს მეჭიაური “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი