ახალი ამბებისაზოგადოება

კათოლიკე ეკლესიის ცნობით, ვალეში კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს

13 მარტი, 2018 • 2826
კათოლიკე ეკლესიის ცნობით, ვალეში კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვალეში მდებარე ეკლესიაში დაცული კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს.

ეკლესიის ცნობით, ვალეში, წმ. ნინოს მცირე სამლოცველოსთან, სადაც მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატები და ლოცვის კრებულები მუდამ ერთად იყო შენახული, დაწვეს მხოლოდ კათოლიკური სიწმინდეები.

“გამომდინარე დღევანდელი ვანდალური ფაქტიდან, რომელიც ვალეში, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოში მოხდა, სადაც დაწვეს კათოლიკური ეკლესიის ლოცვის წიგნები და ხატები (სასაფლაოებთან), მე, ქ.ვალეს ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური სამრევლოს წინამღვარმა გადავწყვიტე, რომ ამა წლის 25 მარტს, 12:00 საათზე, ბზობის საზეიმო პროცესია დავიწყოთ არა ჩვეულებისამებრ ქვედა სამლოცველოდან, (საიდანაც იყო ხოლმე), არამედ ზუსტად წმ. ნინოს სამლოცველოდან. დაე, ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ ვარსებობთ, დაინახონ, რომ ეს ეკლესია გვეკუთვნის ჩვენ, ყველა ქრისტიანს. ამ ფაქტს ვაფასებ, როგორც ვანდალურ ქმედებას. ღმერთი მოწყალე და სამართლიანია. ჩვენ ვლოცულობთ ამის ჩამდენთათვის და, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან სიმართლეს ფარდა აეხდება”, – აცხადებს მღვდელი მიხეილ სურმავა”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რის შედეგადაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც რელიგიური გაერთიანების მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი